Accentnews.ge
სიერა–ლეონეში სამხედრო ყაზარმებსა და ციხეებზე შეიარაღებული თავდასხმები განხორციელდა

სიერა–ლეონეში სამხედრო ყაზარმებსა და ციხეებზე შეიარაღებული თავდასხმები განხორციელდა

27/11/2023 08:02:46 მსოფლიო

აფრიკულმა რესპუბლიკამ სიერა–ლეონემ ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი დააწესა მას შემდეგ, რაც შეიარაღებული ადამიანების ჯგუფები რამდენიმე ციხეში შეიჭრნენ და პატიმრები გაათავისუფლეს.

ქვეყნის ინფორმაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს მოხდა კვირა დილით. რამდენიმე მსხვილი ციხიდან პატიმრები თავისუფლებაზე აღმოჩნდნენ. მანამდე შეიარაღებული ჯგუფები თავს დაესხნენ სამხედრო ყაზარმებს დედაქალაქ ფრიტაუნში. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მათ პრეზიდენტის რეზიდენციასთან მდებარე ყაზარმებიდან გაიგეს სროლის ხმა, იუწყება BBC.

კომენდანტის საათის პარალელურად, არეულობის გამო გაუქმდა ფრენები სიერა–ლეონეს ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტიდან. პრეზიდენტმა ჯულიუს მადა ბიომ ისაუბრა „დემოკრატიის დაცვის“ აუცილებლობაზე. მან თანამოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდა.

ხელისუფლების განცხადებით, თავდამსხმელები ფრიტაუნის გარეუბანში განდევნეს. „ქალაქის უმეტეს ნაწილში ვითარება მშვიდია და უშიშროების ძალების კონტროლს ექვემდებარება“, - წერს ინფორმაციის მინისტრი ჩერნორ ბახი სოციალურ ქსელ X-ში. არმიიდან წყარომ BBC-ს განუცხადა, რომ თავდასხმებში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის ერნესტ კორომას დაცვის წევრიცაა.

ჯერ–ჯერობით უცნობია, რამდენი პატიმარი აღმოჩნდა თავისუფლებაზე.

სიერა ლეონე არის ინგლისურენოვანი ქვეყანა დასავლეთ აფრიკაში. სახელმწიფო განიცდის პოლიტიკურ კრიზისს მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული საპრეზიდენტო და საყოველთაო არჩევნების შემდეგ, როდესაც ჯულიუს მაადა ბიო ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად. საერთაშორისო დამკვირვებლებმა მიუთითებს ხმების დათვლის ნაკლებ გამჭვირვალობაზე, ასევე დაშინებისა და ძალადობის ინციდენტებზე.

აგვისტოში რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დააკავეს სიერა–ლეონეში გადატრიალების მოწყობისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ მოქმედების ბრალდებით.

დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში რვა ქვეყანა ამჟამად სამხედრო მმართველობის ქვეშ იმყოფება გადატრიალების სერიის შემდეგ, მათ შორის გვინეა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება სიერა–ლეონეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S