კვიპროსმა დაიწყო რუსული ბანკების ჩინური ბარათების დაბლოკვა
24/11/2023 17:39:29 მსოფლიო
რუსეთის მოქალაქეებს ახალი პრობლემები შეექმნათ საბანკო სერვისებთან დაკავშირებით კვიპროსში, რუსეთის კაპიტალის ყველაზე დიდ „ოფშორში“, სადაც ომის დაწყებამდე რუსული წარმოშობის $212 მილიარდი იყო განთავსებული,- იუწყება "მოსკოვ თაიმსი".
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთის საგადახდო სისტემის UnionPay-ის ბარათებმა, რომლებიც რუსულმა ბანკებმა Visa-სა და MasterCard-ის ალტერნატივად გასცეს, კუნძულზე მუშაობა შეწყვიტეს. ეს ბარათები ბოლო დრომდე რუსებს საშუალებას აძლევდა, გადაეხადათ მომსახურეობის საფასური და გაეტანათ ნაღდი ფული ადგილობრივი JCC გადახდის სისტემის ბანკომატებიდან.
კვიპროსში რუსებისთვის სირთულეები გასულ კვირას დაიწყო. ბანკებს შორის, რომლებიც დაექვემდებარა შეზღუდვას, იყო "გაზპრომბანკი" – ბოლო მსხვილი რუსული სახელმწიფო ბანკებიდან, რომელიც არ შედიოდა ევროკავშირის სანქციების სიაში და ინარჩუნებდა ევროში მუშაობის შესაძლებლობას.
ახალი წესები, რომლებიც 17 ნოემბრიდან ამოქმედდება, არ დაუშვებს რუსული საბანკო ბარათებით ტრანზაქციებს, განაცხადეს JCC –ში.
გადაწყვეტილება იქნა მიღებული „გადახდების სერვისის პროვაიდერის“ მიერ „რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ მიმდინარე ეკონომიკური სანქციებიდან გამომდინარე რისკების შეფასების საკუთარი პოლიტიკის შესაბამისად“, – ხაზგასმით აღნიშნა კვიპროსის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
წლის დასაწყისიდან Union Pay-ის ბარათებმა უკვე შეწყვიტეს საზღვარგარეთ მუშაობა სანქცირებული Tinkoff Bank, MTS Bank, St. Petersburg, Uralsib, Zenit, Primorye და Solidarity ბანკებისთვის. აგვისტოში, აშშ-ში შავ სიაში მოხვედრის შემდეგ, Pochta Bank-მა გააფრთხილა მომხმარებლები ბარათებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.


