მედია: ბელგოროდში ააფეთქეს რუსეთის მხარეს გადასული უკრაინელი ოფიცერი
24/11/2023 11:13:30 მსოფლიო
უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინულმა სპეცსამსახურებმა რუსეთში, ბელგოროდში მოკლეს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ოფიცერი ალექსანდრე სლისარენკო, რომელიც რუსეთის მხარეს გადავიდა და ხარკოვის რეგიონში რუსეთის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. უკრაინაში მას ღალატის ბრალდება წაუყენეს.
არსებული ცნობებით, სლისარენკო 16 ნოემბერს მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. წყაროები აფეთქებასთან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კავშირზე საუბრობენ. უკრაინის სპეცსამსახურს ამის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსეთის ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები ასევე არაფერს ამბობდნენ სლისარენკოს სავარაუდო გარდაცვალების შესახებ.
2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი დაიკავეს. იქ შეიქმნა ეგრეთ წოდებული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია. სლისარენკო იყო ხელმძღვანელის მოადგილე შიდა პოლიტიკის საკითხებში. თუმცა, გასული წლის სექტემბრის კონტრშეტევის დროს უკრაინელმა სამხედროებმა რეგიონის თითქმის მთელი ტერიტორია დაიბრუნეს და რუსეთის ადმინისტრაციამ შეწყვიტა არსებობა.


