ზელენსკი: "უკრაინა თავისი სანქციებით საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს ავსებს"
24/11/2023 08:07:33 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, კიევი თავისი სანქციებით საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს ავსებს.
"ვმუშაობთ, რომ ჩვენი პარტნიორების სანქციები გავრცელდეს მათზე, ვის მიმართაც უკრაინამ უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. მე ხელი მოვაწერე განკარგულებებს 300-ზე მეტი იურიდიული და 150 ფიზიკური პირის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ. ჩვენი სპეცსამსახურები, უპირველეს ყოვლისა უკრაინის უშიშროების სამსახური, ასევე მინისტრთა კაბინეტი და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო შესაბამის მუშაობას გააგრძელებენ. იქნება სხვა გადაწყვეტილებებიც", – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განკარგულებით საბოლოოდ სანქციების ორი ახალი სია ჩამოყალიბდა. პირველში 87 რუსი მოხვდა, მეორეში კი - რუსეთის, უკრაინის, კვიპროსის, ბელარუსის, გერმანიის, უზბეკეთის, ავსტრიისა და დიდი ბრიტანეთის 60 მოქალაქე.
უკრაინის სანქციების ქვეშ, მათ შორის მოხვდნენ "რუსნანოს" ყოფილი ხელმძღვანელი ანატოლი ჩუბაისი, რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ალექსეი კუდრინი, მოსკოვის მთავარი სანიტარული ექიმი ელენა ანდრეევა და საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის ძალების მეთაური, რუსეთის კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე ანდრეი დემინი.
ჩუბაისი რუსეთის ყველაზე მაღალი რანგის მოხელეა, რომელმაც თანამდებობა დატოვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინება, რომ ის 22 მარტს სტამბოლში ნახეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩუბაისი ცხოვრობდა კვიპროსში და ისრაელში რეპატრიანტის დოკუმენტები მიიღო.
სწორედ ანატოლი ჩუბაისის სახელთან არის დაკავშირებული პუტინის პოლიტიკური კარიერის აღზევება 1990-იან წლებში. ამტკიცებენ, რომ ჩუბაისმა მოაწყო რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ბორის ელცინის ადმინისტრაციაში. მალე პუტინი გახდა რუსეთის უშიშროების სამსახურის (FSB) დირექტორი და რუსეთის პრეზიდენტის მემკვიდრე.


