რუსეთთან საზღვარი შესაძლოა, ნორვეგიამაც ჩაკეტოს
23/11/2023 17:29:03 მსოფლიო
ნორვეგიამ მზადყოფნა გამოთქვა, რუსეთთან საზღვარზე ერთადერთი გამშვები პუნქტის ფუნქციონირება შეაჩეროს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა.
"საჭიროების შემთხვევაში," - ასე უპასუხა სტიორემ შეკითხვას, მიზანშეწონილი იქნება თუ არა ფინეთის მსგავსად, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა.
მან აღნიშნა, რომ ნორვეგია ფინეთსა და ესტონეთში ვითარებას ყურადღებით აკვირდება.
ფინეთის ხელისუფლებამ რუსეთი ქვეყანაში თავშესაფრის უკანონო მაძიებლების განზრახ გაგზავნაში დაადანაშაულა და საპასუხოდ 9-დან 8 სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა. დატოვა მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი, რომელიც რთულად მისადგომ ლოკაციაზეა.
მანამდე ესტონეთის სასაზღვრო სამსახურის უფროსმა ვეიკო კომუსაარმა Postimees-ს განუცხადა, რომ ჰელსინკის გადაწყვეტილების შემდეგ ადამიანები, რომლებიც აქამდე იკრიბებოდნენ ფინეთის საზღვართან, შესაძლოა, აღმოჩნდებიან ესტონეთის სასაზღვრო პუნქტებზე“.
მისი თქმით, ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში აღკვეთოს ნებისმიერი უკანონო მიგრაცია, რაც „შეიძლება, გულისხმობდეს საგუშაგოების ნაწილობრივ ან სრულ დახურვას“.


