რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა რუს სპორტსმენებს ურჩია, დაემშვიდობონ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე ოცნებას
23/11/2023 14:14:21 მსოფლიო
რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის (ROC) ხელმძღვანელმა ვლადიმერ სენგლეევმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსი სპორტსმენები 2024 და 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იყვნენ წარმოდგენილნი. მოსკოვი 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის მზადებას იწყებს, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ამ თამაშებზე რუსი სპორტსმენების დაშვების შესახებ, – იტყობინება რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS.
„ჩვენ ვივარაუდეთ, რომ სიტუაცია ასე განვითარდებოდა, ლოს-ანჯელესის 2028 წლის თამაშებისთვის მზადებას ვიწყებთ. იურიდიულად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) არ მიუღია გადაწყვეტილება [დაშვების შესახებ]. მეორეც – ჩვენ გვჯერა, რომ შეერთებული შტატები არ მისცემს შესაძლებლობას თავის მოკავშირეებს, პარიზსა და მილანში გვიმასპინძლონ, მაგრამ საკუთარი თავისთვის ყველაფრის უფლების მიცემა შეუძლიათ. თვალსაჩინო მაგალითია წყნარი ოკეანის თანამშრომლობის ასოციაცია, სადაც ოფიციალურად ჩავიდა რუსეთის დელეგაცია. ამერიკელებს ყოველთვის სურთ რუსებზე გამარჯვება, ჩვენ ამის იმედი გვაქვს, ამისათვის უნდა მოვემზადოთ“, - განაცხადა სენგლეევმა.
მარტში, IOC-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია რუს და ბელარუს სპორტსმენებს, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა მხოლოდ ნეიტრალური ათლეტების სტატუსით მიეღოთ იმ პირობით, რომ არ დაუჭერდნენ მხარს უკრაინაში სამხედრო ოპერაციას და არ იქნებოდნენ ასოცირებული რუსეთის შეიარაღებულ ან უსაფრთხოების ძალებთან.
2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ ოფიციალურად არ არის მიღებული. 2023 წლის მაისში, რუსეთის სპორტის მინისტრმა ოლეგ მატიცინმა გამოაცხადა, რომ აპირებს, მომავალ წელს გამართოს ღონისძიება სახელწოდებით მსოფლიო მეგობრობის თამაშები, როგორც ოლიმპიური თამაშების ალტერნატივა. ინიციატივა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოიწონა.
საპასუხოდ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ თომას ბახმა "მეგობრობის თამაშებს" „პოლიტიზებული სპორტული შეჯიბრი“ უწოდა. მან რუსეთში ტურნირის ბოიკოტისკენ მოუწოდა, გააფრთხილა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები ღონისძიებაში მონაწილეობის რისკის შესახებ და დაადანაშაულა რუსეთი მსოფლიო სპორტის "მიტაცებაში". მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ "მეგობრობის თამაშებში" მონაწილეობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სპორტსმენების ჯანმრთელობას.


