მედია: რუსმა პოლიტიკოსმა და მისმა მეუღლემ უკრაინიდან ბავშვი გაიტაცეს
23/11/2023 09:47:07 მსოფლიო
რუსმა პოლიტიკოსმა, „სპრავედლივოი რროსიის“ ლიდერმა სერგეი მირონოვმა და მისმა მეუღლემ უკრაინიდან გატაცებული ბავშვი იშვილეს. 10 თვის გოგონა მარგარიტა პროკოპენკო ხერსონის ბავშვთა სახლში რუსული არმიის მიერ ქალაქის ოკუპაციის დროს იმყოფებოდა. იქიდან წაიყვანეს რუსეთში და ფარულად შეუცვალეს სახელი და მოქალაქეობა. ახლა ის რუსი მარინა მირონოვაა. ამის შესახებ "ვაჟნიე ისტორიი" წერს.
2022 წლის აგვისტოს ბოლოს ხერსონის რეგიონში მირონოვის მეუღლე ინა ვარლამოვა სახელმწიფო სათათბიროში მირონოვის პირველ მოადგილესთან, იანა ლანტრატოვასთან ერთად ჩავიდა. ადგილობრივმა საოკუპაციო ხელისუფლებამ მათზე ორი ბავშვის - 10 თვის მარგარიტა პროკოპენკოსა და ორი წლის ილია ვაშჩენკოს გაყვანის მინდობილობა გასცეს, წერს Hromadske. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ეს ბავშვები ხერსონის ბავშვთა სახლში ცხოვრობდნენ. უფრო მეტიც, მარგარიტა გაწერეს, მიუხედავად იმისა, რომ ბრონქიტის გამო მკურნალობდა ხერსონის რეგიონალურ ბავშვთა საავადმყოფოში.
„როდესაც ვკითხე, რატომ უნდა გამოვწერო ავადმყოფი ბავშვები, ზავალსკაიამ თქვა, რომ ისინი ქალმა აირჩია, მოსკოვში მიჰყავდა და რომ ყველაფერი მზად იყო ამისთვის" - თქვა საავადმყოფოს თანამშრომელმა. ექიმებმა გაწერის გადადება მხოლოდ ერთი კვირით მოახერხეს.
ოფიციალურად, ბავშვები მოსკოვში გადაიყვანეს „გამოკვლევისთვის, შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისა და რეაბილიტაციისთვის“.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ რუსეთში ბავშვის აყვანისთვის სასამართლოსთვის მიმართვაა აუცილებელი. ასეთი შემთხვევები განიხილება სპეციალური თანმიმდევრობით. 2022 წლის ნოემბერში ასეთი საქმე განიხილებოდა მოსკოვის რეგიონის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოში. დაინტერესებული მხარე იყო ინა ვარლამოვა, ხოლო განმცხადებელი იყო მოსკოვის რეგიონის სოციალური განვითარების სამინისტროს №16 დეპარტამენტი, რომელმაც მოითხოვა ინფორმაცია მარგარიტასა და ილიას შესახებ ხერსონის ბავშვთა სახლიდან.
ჟურნალისტებმა მოიპოვეს დოკუმენტები, რომლებშიც მითითებულია: სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ერთი თვის შემდეგ, 2022 წლის დეკემბერში, სერგეი მირონოვმა და ინა ვარლამოვამ იშვილეს ხერსონიდან წაყვანილი მარგარიტა პროკოპენკო.
ვითარების მცოდნე წყარომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მარგარიტას ბიოლოგიურ დედას ჩამორთმეული აქვს დედობის უფლება, მამა გარდაცვლილია, მაგრამ მას სხვა ნათესავები ჰყავს.
ილიას ბედი ბოლომდე ცნობილი არ არის. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მან დეპორტაციიდან ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის სექტემბერში მიიღო დაბადების ახალი მოწმობა. აქედან გამომდინარეობს, რომ ილია მოსკოვის რეგიონშია.


