ლუკას საქმე: რა ვიცით დღეს

20-12-2019 15:02:06 თვალსაზრისი ,სხვა ,სამართალი ,ანალიზი

ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი სრული სურათი იმისა, თუ რა მოვლენები განვითარდა 15 წლის ლუკა სირაძის თავს 10–დან 12 დეკემბრის ჩათვლით, სანამ ის უმძიმეს გადაწყვეტილებას მიიღებდა; სრულად არ არის გამოკვეთილი, ვის რა როლი ჰქონდა ამ პროცესში; პედაგოგეგბი, იურისტები, ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში არსებულ ხარვეზებზე, ბავშვების მიმართ ძალოვანი სისტემის დამოკიდებულებაზე, ამავე უწყების საკადრო პოლიტიკაზე, სისტემურ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას.  თუმცა 19 დეკემბერს ამ საქმის ირგვლივ ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებში გამოიკვეთა გზავნილი, „თვითმკვლელობები ყველგან ხდება“ და მაგალითად  განვითარებული ქვეყნები - გერმანია, აშშ, ფინეთი და ა.შ. მოჰყავდათ.  ვინ-ვინ და ალბათ, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ამჟამად მმართველი გუნდის წევრმა და ხსენებული მოსაზრების ერთ–ერთმა ავტორმა სოზარ სუბარმა უნდა იცოდეს, ამავე ქვეყნებში პოლიციის განყოფილებებში საჯაროდ, ფსიქოლოგის, ადვოკატის გარეშე თუ ჰკითხავენ მოზარდებს; ემუქრებიან თუ არა მათ ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნით, მით უფრო, რომ ოჯახის წევრები სადავო საკითხთან შემხებლობაში არ არიან; დაკითხვისას იყენებენ თუ არა აკრძალულ მეთოდებს, მაგალითად, მეგობარ არასრულწლოვანთან, ან სკოლის ადმინისტრაციასთან შეპირისპირებას; იტოვებენ თუ არა მათ განყოფილებაში, პოლიციელების გარემოცვაში მარტოს, კანონიერი წარმომადგენლის გარეშე; წარმოებს თუ არა დაკითხევბი შუაღამისას და თან ხანგრძლივი დროით – 6,5 საათის განმავლობაში; და ისიც, ადექკატურია თუ არა მსგავსი გზავნილი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის, თანამდებობის პირის და მთლიანობაში ხელისუფლების მხრიდან? 

ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ მსგავსი გზავნილი არა მარტო არაადექვატური, სახიფათოცაა. 


„მოვისმინე პოლიტიკოსების განცხადებები, რომ მსგავსი შემთხვევები ხდება ფინეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ამბავია. ეს ყველაზე სახიფათო გზავნილია, მსგავსი განცხადებების კეთება დაუშვებელია. ძალიან დიდი დანაშაულია, რაც პოლიციის სისტემაში მოხდა. ასეთ დროს სისტემა ბავშვთა მიმართ რადიკალურად განსხვავებული უნდა იყოს იმისგან, რაც ჩვენ ვნახეთ. უკვე ეჭვი მაქვს, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, - კონკრეტული პირის მიერ უფლებამოსილების გადამეტება. ბავშვის შთაგონება, იძულება, ჯვარედინი დაკითხვა დაუშვებელია. კანონი ფეხქვეშ გათელეს“,– ამბობს ფსიქოლოგი.  

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტ გურამ იმნაძის შეფასებით, ხელისუფლების მსგავსი რიტორიკა პრობლემის იგნორირების მცდელობაზე მიუთითებს: 


„სამწუხაროდ, ეს ტენდენცია ახალი არაა: პრობლემის დანახვა და აღიარება უჭირთ ხოლმე და ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე მათი რიტორიკაც ამას ავლენს. მუდმივად იმაზე მითითებით, რომ ეს სხვა ქვეყნებშიც ხდება, რომ ეს კონკრეტული სკოლის ბრალია და ა.შ. პრობლემის სხვაზე გადაბრალება ხდება, რაც შემდეგ საკითხზე ადექვატურ და ეფექტურ მუშაობას შეუძლებელს ხდის. მით უფრო, რომ პრობლემა სისტემურია: როდესაც თუნდაც ერთი მსგავსი ფაქტი ხდება და ქვეყანაში მასზე რეაგირების მექანიზმი არ გვაქვს, ეს სწორედ პრობლემის სისტემურობაზე მიუთითებს. ბევრად ადრე შეეძლო ხელისუფლებას პასუხისმგებლობის აღება  და აქტიური მუშაობის დაწყება. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ადრეც გვქონია, რაც ჯერ კიდევ მაშინ უნდა გამხდარიყო სისტემური ცვლილებების საფუძველი, თუმცა ეს არ მოხდა. და ეს ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლებამ ბევრად აქტიურად გააგძელოს მუშაობა, ვიდრე აქამდე და პროცესი, საბოლოო ჯამში, გვიჩვენებს, რა შედეგებამდე მივალთ“. 

რა ვიცით სადღეისოდ

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ ჩატარებული გამოძიებით, რომლის საფუძველზეც ამ დროისთვის ბრალი მხოლოდ გამომძიებელ მარინა ჩოლოიანს აქვს წარდგენილი (სსკ–ის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში - გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას), აღდგენილი სურათი ასეთია:

  • „მწვანე სკოლის“ კედელზე წარწერა 10 დეკემბერს გაჩნდა; 
  • ამოღებულ იქნა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები; 
  • ადმინინისტრაციამ დაიწყო მოსწავლეების ჯგუფურად გამოკითხვა და მათთვის კადრების ჩვენება, რათა ამოეცნოთ, ვინ იყო წარწერის ავტორი;
  • პარალელურად გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია;
  • პოლიციას სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაეცა;
  • მოზარდების გამოკითხვის პროცესს არც სკოლაში და არც პოლიციის განყოფილებაში დასწრებია ფსიქოლოგი;
  • გამოკითხვა წარმოებდა ღია სივრცეში, სადაც იმყოფებოდნენ სხვა პირებიც;
  • გამოკითხვა წარმოებდა ღამის 12–ია ნახევრამდე და ჯამში გრძელდეგოდა ექვსაათნახევარი;
  • გამომძიებელმა ლუკა სირაძეს უთხრა, რომ „თუ არ აღიარებდა დანაშაულს, მის ძმას პრობლემები შეექმნებოდა“;
  • გამოყენებულ იქნა მოზარდების შეპირისპირება [ამგვარ მეთოდს 2010 წლიდან არ იცნობს სისხლის სამართლის კოდექსი და მით უფრო, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება.];
  • ლუკას დედას პოლიციის განყოფილებაში გარკვეული დოკუმენტების მიტანა სთხოვეს, რის გამოც მან შენობა დატოვა და ლუკა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში პოლიციელებთან მარტო იმყოფებოდა;
  • საქმის მასალების მიხედვით, სკოლის ადმინისტრაციამ მოიპოვა მოზარდების პირადი მიმოწერა და სახელმწიფო ინსპექტორი მისი მოპოვების კანონიერებას სწავლობს.

გამოძიება გრძელდება და როგორც პროკურორმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, სხვა ბრალდებულებიც გამოიკვეთონ და წაყენებული ბრალიც დამძიმდეს. სახელმწიფო ინსპექტორი ასევე სწავლობს სკოლის მოსწავლეების პირადი მიმოწერის მოპოვების კანონიერების საკითხს. 

ახალი ამბები

სხვა სიახლეები