ამერიკელმა სამხედროებმა წითელ ზღვაში იემენელი მეამბოხეების დრონები ჩამოაგდეს
23/11/2023 08:02:10 მსოფლიო
ამერიკელმა სამხედროებმა წითელ ზღვაში პატრულირებისას რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
შეერთებული შტატების არმიის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, 23 ნოემბერს დილით, სამხედრო გემმა Thomas Hudner-მა ჩამოაგდო ჰუთი მეამბოხეების მიერ იემენში კონტროლირებული რაიონიდან გაშვებული რამდენიმე დრონი. გემი არ დაზიანებულა, არც ეკიპაჟის წევრები დაშავებულან.
ამ კვირაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ განიხილავს იემენში მოქმედი ჰუთი მეამბოხეების შეიარაღებული დაჯგუფების ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას მას შემდეგ, რაც მათ წითელ ზღვაში გაიტაცეს სატვირთო გემი Galaxy Leader-ი, რომელიც ავტომობილებით დატვირთული თურქეთიდან ინდოეთისკენ მიემართებოდა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მეამბოხეების დაჯგუფებამ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის გამო, შურისძიების მიზნით დააკავა ისრაელის გემი და ის იემენის სანაპიროსთან გადაიყვანა. ოფიციალური მონაცემებით, გემი Galaxy Leader-ი ბრიტანულ ფირმას ეკუთვნის, მისი ოპერატორი კომპანია კი იაპონური Nippon Yusen-ია.
ეკიპაჟის წევრები ბულგარეთის, მექსიკის, რუმინეთის, ფილიპინებისა და უკრაინის მოქალაქეები არიან.
იაპონიის მთავრობამ გემის გატაცება დაგმო და განაცხადა, რომ მის გასათავისუფლებლად მუშაობს.


