ნიდერლანდების არჩევნებში ულტრამემარჯვენეები ლიდერობენ
23/11/2023 07:04:03 მსოფლიო
ნიდერლანდების ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, ეგზიტპოლების შედეგებით, ულტრამემარჯვენეები იმარჯვებენ.
ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის ხერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ (PVV) ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
ეგზიტპოლების მიხედვით, მემარჯვენე პოპულისტები პარლამენტში 150 ადგილიდან 35-ს მიიღებენ, ხოლო ლეიბორისტების და მწვანეების მემარცხენე ბლოკი - 26 მანდატს.
მესამე ადგილზეა ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს მემარჯვენე-ცენტრისტული სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD), რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტში 23 მანდატს მოიპოვებს.
ახლადშექმნილმა პოლიტიკურმა პარტიამ ახალი სოციალური კონტრაქტი (NSC), რომელსაც პიტერ ომციგტი ხელმძღვანელობს, 20 მანდატი მოიპოვა. ასევე, ნიდერლანდებში ფერმერთა პროტესტის ფონზე ჩამოყალიბებულმა ახალმა, ფერმერთა-მოქალაქეთა მოძრაობამ (BBB) 7 მანდატი მიიღო.
ელიან, რომ ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი ხანგრძლივი იქნება.


