მედია: ევროპარლამენტი კიევში ოფისის გახსნას დათანხმდა
22/11/2023 07:11:22 მსოფლიო
ევროპარლამენტი უკრაინის პარლამენტის მხარდაჭერის გასაძლიერებლად კიევში ოფისის გახსნას დათანხმდა, – იუწყება Euroactive ევროპარლამენტის ბიუროს დოკუმენტზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, შესაბამისი თხოვნით ევროპარლამენტს უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნებმა მიმართეს.
როგორც Euroactive იტყობინება, "გადაწყვეტილება მიზნად ისახავს უკრაინის პარლამენტთან ურთიერთობების ხელშეწყობას, განსაკუთრებით ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან კონტაქტების დამყარებას, ასევე ადმინისტრაციული მუშაობის ხელშეწყობას".
ბიურო არის ევროპარლამენტის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღებაზე დაწესებულების შიდა ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტს აქვს სამეკავშირეო ოფისი თითოეულ წევრ სახელმწიფოში, რომელიც ეხმარება პარლამენტს მათთან კომუნიკაციაში, მაგალითად, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციით, ღონისძიებების ორგანიზებით და ადგილობრივ მედიასთან კავშირით.
დოკუმენტის მიხედვით, არაწევრ ქვეყნებში ევროპარლამენტის მხოლოდ რამდენიმე ოფისი ფუნქციონირებს, კერძოდ ნიუ-იორკში, ადის აბებასა და ჯაკარტაში.


