კატარი: ღაზაში „ჰუმანიტარული პაუზის“ დაწყების დრო 24 საათში გამოცხადდება
22/11/2023 05:55:36 მსოფლიო
ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული „ჰუმანიტარული პაუზის“ დაწყების დრო 24 საათში გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას შუამავალი კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კატარი წარმატებულს უწოდებს მის საშუამავლო ძალისხმევას, რომელსაც ეგვიპტესა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მიმართა და შედეგად მიაღწია ისრაელის და „ჰამასის“ შეთანხმებას „ჰუმანიტარული პაუზის" შესახებ.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ღაზას სექტორში მძევლად მყოფი 50 სამოქალაქო პირის, ქალების და ბავშვების გათავისუფლებას ისრაელის საპატიმროებში მყოფი პალესტინელი ქალების და ბავშვების ნაწილის გათავისუფლების სანაცვლოდ. კატარის ინფორმაციით, გათავისუფლებულთა რიცხვი გაიზრდება შეთანხმების რეალიზაციის შემდეგ ეტაპებზე.
გარდა ამისა, „ჰუმანიტარული პაუზის“ დროს გაიზრდება ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის საწვავის შეტანა.
21 ნოემბერს ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა 6-საათიანი მწვავე განხილვის შემდეგ დაუჭირა მხარი ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ დღეს, 22 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ისრაელის მთავრობამ, რომელიც ვალდებულია სახლში დააბრუნოს ყველა მძევალი, დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის გეგმის პირველი ეტაპი. სულ მცირე 50 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება 4 დღის განმავლობაში და ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებული იქნება. გარდა ამისა, დამატებით ყოველი 10 მძევლის გათავისუფლება გამოიწვევს პაუზის კიდევ ერთი დღით გაგრძელებას. ისრაელის არმიის მონაცემებით, ღაზის სექტორში მძევლად იმყოფება 200-ზე მეტი მძევალი.


