207 განაჩენი: იტალიაში მაფიის წინააღმდეგ ბოლო 35 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური პროცესი დასრულდა
21/11/2023 08:04:24 მსოფლიო
იტალიაში განაჩენი გამოუტანეს 207 ბრალდებულს მაფიოზური ჯგუფის "ნდრანგეტას" საქმეზე.
350 ბრალდებულის სამწლიანი სასამართლო პროცესი კალაბრიის ქალაქ ლამეზია ტერმეში უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, სპეციალურად აშენებულ შენობაში მიმდინარეობდა.
ბრალდებულთა დაახლოებით მესამედი გამართლდა. დანარჩენებს კი ჯამში 2200 წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიესაჯათ. მხოლოდ განაჩენის გამოცხადება გრძელდებოდა საათნახევრის განმავლობაში, წერს The Guardian.
მსჯავრდებულებს შორის არის მაფიოზური დაჯგუფის სულ მცირე ორი მაღალი რანგის წევრი. თითოეულმა მიიღო 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. მათი თანამზრახველი, 70 წლის ყოფილი ადვოკატი ჯანკარლო პიტელიც 11 წელს გაატარებს გისოსებს მიღმა.
"ნდრანგეტა" ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კრიმინალურ სინდიკატად, რომელიც ავრცელებს თავის გავლენას ჩრდილოეთ ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და შეერთებულ შტატებში, აქვს თითქმის სრული მონოპოლია ევროპაში კოკაინის იმპორტზე. მისი წლიური შემოსავალი ათეულობით მილიარდ ევროს შეადგენს.
მაფიის ჯგუფის ცენტრი იყო პატარა ქალაქი ვიბო ვალენტია, რომელსაც აკონტროლებდა მანკუსოს კლანი. თუმცა, ამ სასამართლო პროცესზე ბრალდებულთა შორის თავად ლუიჯი მანკუზო არ ყოფილა. მას ცალკე გაასამართლებენ. ამავდროულად, სასამართლო პროცესზე მთავარი მოწმე იყო მისი ძმისშვილი ემანუელე მანკუსო. სწორედ მან გაამჟღავნა კლანის საიდუმლოებები პოლიციისგან დაცვის მიღების სანაცვლოდ.
გამოძიება ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო და იტალიის მინიმუმ 11 რეგიონში მიმდინარეობდა. მასში ჯამში 2 500-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.ლიდერების სამძებრო ღონისძიებები იტალიის პოლიციის ელიტარულმა ქვედანაყოფმა - კარაბინიერების ვერტმფრენის ესკადრილიამ „სიცილიის მონადირეები“ ჩაატარა.
დაკავებულებს, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შორის იყვნენ არა მხოლოდ მაფიის უშუალო წევრები, არამედ მათთან თანამშრომლობაში მყოფი პოლიტიკოსებიც. ზოგიერთი მათგანი გერმანიაში, შვეიცარიაში და ბულგარეთშიც კი აიყვანეს.
სასამართლოს წარუდგინეს ვრცელი მტკიცებულებები გამოძალვის, სამთავრობო კონტრაქტების გაფორმებისას კორუფციის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ადგილობრივი არჩევნების შედეგების მანიპულირებისა და მოსყიდვის შესახებ.
11 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს „ნდრანგეტას ჯგუფის“ წევრი და გადასცეს იტალიას. უწყების ცნობით, დაკავებული 2015 წლიდან აქტიურად იყო ჩართული „ნდრანგეტას“ საქმიანობაში და იძებნებოდა უკანონო შემოსავლის გათეთრების, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის, კიბერთაღლითობის, ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით.


