მედია: ფინეთი რუსეთთან საზღვარს სრულად ჩაკეტავს
20/11/2023 09:53:42 მსოფლიო
ფინეთი ემზადება, დახუროს ყველა პუნქტი რუსეთთან საზღვარზე 22 ნოემბრის ღამეს, განუცხადა Iltalehti-ს ქვეყნის მთავრობიდან წყარომ.
მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება შესაძლოა, 20 ნოემბერს მიიღოს. მანამდე ქვეყნის ხელისუფლებამ დახურა ცხრა საგუშაგოდან ჯერ ოთხი, შემდეგ მეხუთე.
ფინეთმა დაიწყო რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა ერაყიდან, იემენიდან, სომალიდან, სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან არალეგალური მიგრანტების რუსეთის ტერიტორიიდან შედინების მზარდი დინამიკის გამო. სექტემბრის ბოლოდან ფინეთის საზღვართან ამ გზით 280-ზე მეტი მიგრანტი მივიდა, რომლებიც თავშესაფარს ითხოვდნენ.
2023 წლის შემოდგომამდე რუსი მესაზღვრეები არ აძლევდნენ ფინეთის საზღვართან მიახლოების საშუალებას მიგრანტებს, თუ მათ დოკუმენტები წესრიგში არ ჰქონდათ. მაგრამ ოქტომბრის ბოლოდან პრაქტიკა შეიცვალა. ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ეს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას დაუკავშირა და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთისგან სხვა „საძაგლობებისთვისაც" უნდა ემზადონ.
ოთხი გამშვები პუნქტის დახურვის შემდეგ, რუსეთსა და ფინეთს შორის საგზაო სატვირთო მიმოსვლა პრაქტიკულად შეწყდა, – აღნიშნა ოლი-პეკა პენტილიამ, ქვეყნის საბაჟო სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, საქონლის გასაგზავნად დარჩა მხოლოდ საჰაერო და სარკინიგზო კომუნიკაციები. ამასთან, სარკინიგზო ტრანსპორტი მხოლოდ ერთ საგუშაგოზე, ვაინიკკალაზე გადის.
18 ნოემბრიდან შეწყდა ავტობუსების მიმოსვლა ფინეთსა და რუსეთს შორის. მანამდე ფინეთის ხელისუფლებამ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, აკრძალა რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების შესვლა მათ ტერიტორიაზე.
ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მარი რანტანენმა აღნიშნა, რომ დახურული საგუშაგოები არ იმუშავებს მინიმუმ, 2024 წლის 18 თებერვლამდე. პარალელურად, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამზადებდა გეგმას აღმოსავლეთ საზღვრის სრული ჩაკეტვის შესახებ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდისა და მათი მარშრუტების შეცვლის შემთხვევაში.


