ისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოში მძევლების შეყვანის და მიწისქვეშა გვირაბის ვიდეო გაავრცელა
20/11/2023 06:18:51 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც, მათი თქმით, "ჰამასის" მიწისქვეშა გვირაბს ასახავს.
როგორც ისრაელის არმიაში აცხადებენ, გვირაბი 55 მეტრი სიგრძისაა და თავდაცვის არაერთ მექანიზმს მოიცავს, მათ შორის რამდენიმე ტყვიაგაუმტარ კარს.
ამასთან, ისრაელის არმია ავრცელებს ალ-შიფას საავადმყოფოს შიდა კადრებს, რომელიც მათი ინფორმაციით, "ჰამასის" თავდასხმის დღით, 7 ოქტომბრით თარიღდება - ვიდეოში ჩანს, როგორ შეჰყავთ ორი მძევალი ალ-შიფას კლინიკაში. ეს ღაზას სექტორის უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულებაა.
ისრაელი აცხადებს, რომ შენობის მიწისქვეშ ტერორისტებს სამხედრო ბაზა აქვთ მოწყობილი, თუმცა "ჰამასი" ამას უარყოფს.
ისრაელის არმია კლინიკაში 15 ნოემბერს შევიდა. გაეროს ოფიციალური მონაცემებით, ისრაელის ჯარების შესვლამდე საავადმყოფოს 2 300 ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის პაციენტები, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები და მშვიდობიანი მოქალაქეები.


