Bloomberg: გერმანია თურქეთს Eurofighter Typhoon-ზე წვდომას უბლოკავს
17/11/2023 14:52:24 მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ოფალ შოლცი თურქეთისთვის თვითმფრინავების მიყიდვის გარიგების დაბლოკვას გეგმავს. Bloomberg-ის ინფორმაციით, შოლცის მხრიდან ეს ნაბიჯი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანზე პოლიტიკური ზეწოლის გაზრდას ემსახურება.
გამოცემა იხსენებს ერდოღანის პოზიციონირებას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, აშშ და NATO-ს წევრი სახელმწიფოები "ჭკუიდან შეიშალნენ, რადგან ისინი ისრაელს ეხმარებიან და ამით ძალადობას უწყობენ ხელს". ამასთან, მან თქვა, რომ "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს. პარალელურად, გავრცელდა ცნობები, რომ ოფიციალურმა ანკარამ "ჰამასის" თურქეთში მყოფ დამფუძნებელს გარემოცვის წევრებთან ერთად ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოდან მსგავსი განცხადების მოსმენა ყველასათვის მოულოდნელი იყო. ამ დღის შემდეგ, დასავლელი ლიდერები ერდოღანის დასჯაზე არიან გადართულნი და გამონაკლისი არც გერმანიის კანცლერია.
ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც შოლცი გეგმავს, 20-მდე Eurofighter Typhoon-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს გაყიდვას უკავშირდება, რომლის შეძენაც თურქეთს უკვე დიდი ხანია სურს და ის საბოლოო კონტრაქტის გაფორმებისთვის ემზადება. ზოგადად, Typhoon-ების გასხვისების საკითხში გერმანიას გადამწყვეტი სიტყვა აქვს, რადგან ქვეყანა უშუალოდაა ჩართული თვითმფრინავების წარმოების, მენეჯმენტისა და რეალიზაციის პროცესში.
ამ გარიგებასთან დაკავშირებით თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იასარ გულარმა ანკარაში საპარლამენტო მოსმენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, თურქეთი ბრიტანეთთან და ესპანეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს Eurofighter Typhoon-ის ტიპის 40 გამანადგურებლის შეძენაზე, თუმცა გერმანია ამ იდეას აპროტესტებს.
„ჩვენ ვმუშაობთ შესყიდვებზე. ახლა დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი ცდილობენ გერმანიის დარწმუნებას, (თუმცა) ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გერმანიასთან... თუ ეს შესაძლებელი იქნება, ჩვენ ვგეგმავთ 40 Eurofighter Typhoon-ის შეძენას“, - განაცხადა მან.


