ნიდერლანდები უკრაინისთვის 2 მილიარდ ევროს გამოყოფს
17/11/2023 14:36:12 მსოფლიო
ნიდერლანდები უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 2 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“ნიდერლანდები აგრძელებს უკრაინის დახმარებას. 2024 წლისთვის ხელმისაწვდომია 2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება. ამ მნიშვნელოვანი თანხით ჩვენ მკაფიო სიგნალს ვაგზავნით: უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს,” - წერს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი “ტვიტერის” პირად გვერდზე.
როგორც განიმარტა, თანხა უკრაინის იმ საჭიროებებს დაფარავს, რომელიც, მაგალითად, საბრძოლო მასალისა და უკვე მიწოდებული პლატფორმებისა და სისტემების მომსახურებაში არსებობს.
„ამგვარად, ნიდერლანდებს სურს, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში, რათა ქვეყანამ შეძლო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისგან თავის დაცვა. ასევე არსებობს უფრო ტექნოლოგიური აღჭურვილობის საჭიროება,” - წერია განცხადებაში.
ამასთან, ნიდერლანდები უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებას 2024 წელსაც გააგრძელებს.


