ფინეთის შემდეგ ესტონეთი და ნორვეგია ემზადებიან რუსეთთან საზღვრის ჩასაკეტად
16/11/2023 19:46:13 მსოფლიო
ფინეთის გადაწყვეტილების შემდეგ, ესტონეთი და ნორვეგია განიხილავენ რუსეთთან სასაზღვრო პუნქტების დახურვას.
ესტონეთის სასაზღვრო სამსახურის უფროსმა ვეიკო კომუსაარმა Postimees-ს განუცხადა, რომ ტალინმა იცოდა ჰელსინკის გადაწყვეტილება მიგრანტების შემოდინების გამო ოთხი გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შესახებ.
მისი თქმით, ეს „შეიძლება ნიშნავდეს, რომ ადამიანები, რომლებიც აქამდე იკრიბებოდნენ ამ საზღვრებთან, აღმოჩნდებიან ესტონეთის სასაზღვრო პუნქტებზე“.
მისი თქმით, ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში აღკვეთოს ნებისმიერი უკანონო მიგრაცია, რაც „შეიძლება, გულისხმობდეს საგუშაგოების ნაწილობრივ ან სრულ დახურვას“.
მსგავსი განცხადება ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა ემილი ენგერ მეჰლმაც გააკეთა. ქვეყანას აქვს ერთი სასაზღვრო პუნქტი რუსეთთან სტორსკოგში. მინისტრმა აღნიშნა, რომ საგუშაგოზე ინტენსივობა მაღალი არაა.
„ტრაფიკი ძალიან დაბალია და დაბალი იყო მთელი შემოდგომის განმავლობაში. მაგრამ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და, შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში, მოგვიწიოს საზღვრის დახურვა გარკვეული დროით“, - თქვა მეჰლმა NTB-სთან კომენტარებში.
16 ნოემბერს ფინეთმა განაცხადა, რომ რუსეთთან საზღვარზე არსებული 9 საკონტროლო პუნქტიდან ოთხს ხურავს. ხელისუფლებამ ეს რუსეთის ტერიტორიიდან არალეგალური მიგრანტების რაოდენობის ზრდით ახსნა. სექტემბრის შემდეგ ფინეთში ამ გზით ერაყის, იემენის, სომალის, სირიისა და სხვა ქვეყნების 280 მოქალაქე ჩავიდა. ყველა მათგანმა თავშესაფარი ითხოვა. მათ დოკუმენტები არ ჰქონდათ.
წინა დღით გერმანიის პრეზიდენტებმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და ფინეთის ლიდერმა საული ნიინისტომ რუსეთი დაადანაშაულეს მიგრანტების განზრახ გამოყენებაში მათ ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. ფინეთის ლიდერმა მიიჩნია, რომ ეს ქმედებები იყო პასუხი ჰელსინკისა და ვაშინგტონს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე და მოუწოდა რუსეთის მხრიდან სხვა "საძაგლობებისთვისაც" მოემზადონ.
თავის მხრივ, შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ მიგრანტთა რაოდენობის ზრდა იწვევს არეულობას ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიასა და ფინეთში, რაც ცნობილია რუსეთში. „ამიტომ, მე ეჭვი მაქვს, რომ ეს შემთხვევითი არ უნდა იყსო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
რუსეთმა ფინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსეთ-ფინეთის საზღვარზე გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ დესტრუქციული უწოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, განიხილოს ჰელსინკის შეშფოთება. მან ასევე უარი თქვა იმის აღიარებაზე, რომ რუსული მხარე მიზანმიმართულად უშვებს დოკუმენტების გარეშე უცხოელებს ფინეთის საზღვართან.


