ჰოჯესი: უკრაინა მრავალდონიან ოპერაციებს ახორციელებს, მეტი იარაღია საჭირო
16/11/2023 18:07:06 მსოფლიო
ევროპაში აშშ-iს არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯსმა აღნიშნა, რომ უკრაინის კონტრშეტევის სახმელეთო ნაწილი შენელდა, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მაინც შეძლეს, იძულებული გაეხადათ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, დაეტოვებინა სევასტოპოლი. – ამის შესახებ NV წერს.
სამხედროს თქმით, სამხრეთში შეტევამ ყირიმის იზოლირებას ქერჩის ხიდის გაჭრას უნდა შეუწყოს ხელი. და ამისთვის, – აღნიშნავს ჰოჯესი, – უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი, რომელსაც შეუძლია დაარტყას ნახევარკუნძულზე რუსეთის სამიზნეებს - როგორიცაა სევასტოპოლი, საჰაერო ბაზა საკში, დიდი ლოგისტიკური ცენტრი ჯანკოიში და ზოგადად, ყირიმი გამოუსადეგარი გახადოს რუსული ჯარებისთვის.
„მისმინეთ, კონტრშეტევა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ის, რაც ხდება ბრძოლის ველზე. უკრაინა ახორციელებს, როგორც ნატო უწოდებს, მრავალდონიან ოპერაციებს. ეს ნიშნავს, რომ ჩართულია ჰაერი, ხმელეთი, ზღვა, კოსმოსი, კიბერსივრცე. ეს ყველაფერი ინტეგრირებულია შედეგის მისაღწევად. და, რა თქმა უნდა, კონტრშეტევის შედეგი, ვფიქრობ, ყირიმის გათავისუფლება უნდა იყოს“, - აღნიშნა გენერალმა.
ამჟამად უკრაინის არმია იყენებს მხოლოდ Storm Shadow რაკეტებს, აცხადებს ჰოჯესი. „წარმოიდგინეთ, უკრაინას რომ ჰქონდეს 50 ან 100 ATACMS რაკეტა 300 კილომეტრზე მოქმედი. ან გერმანული TAURUS. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა. რუსეთის ყველა შტაბ-ბინა და ლოგისტიკური ცენტრი - არა მხოლოდ ყირიმში, არამედ ზაპოროჟიეს რეგიონში და დნეპრის მეორე მხარეს ხერსონიდან - გაქრება“, - თქვა მან.
მანამდე უკრაინულმა დაზვერვამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ უახლოვდებიან საზღვაო დრონები რუსულ კატარღებს, რის შემდეგაც იწყება აფეთქებები. მთავარი სადაზვერვო სამმართველო იტყობინება, რომ კატარღები დატვირთული იყო ჯავშანმანქანებით.


