სტავროპოლში რუსი გენერალი იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა
16/11/2023 12:36:04 მსოფლიო
რუსეთის საჰაერო თავდაცვის მე-6 არმიის და საჰაერო ძალების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმირ სვირიდოვი სტავროპოლის ტერიტორიაზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტი" და "კომერსანტი" წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან.
სვირიდოვის მახლობლად ქალის ცხედარიც იპოვეს. "კომერსანტის" ცნობით, ის მისი ცოლია.
ცხედრები 15 ნოემბერს იპოვეს.
68 წლის გენერალი და მისი 72 წლის ცოლი საწოლში ერთმანეთის გვერდიგვერდ იწვნენ.
გამოცემის წყაროების ცნობით, ისინი ერთი კვირის გარდაცვლილები უნდა იყვნენ. ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ დაფიქსირებულა, – ამბობს "რია ნოვოსტის" თანამოსაუბრე.
გამოძიება CO–თი მოწამვლის შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა ადგილობრივმა "გორგაზის" სპეციალისტებმა სახლში CO–ს ჭარბი დონე ვერ აღმოაჩინეს, – წერს "კომერსანტი".


