რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია შესაძლოა, მოლდოვიდან განდევნონ
16/11/2023 11:13:25 მსოფლიო
მოლდოვის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა ვლადიმირმა (კანტარიანმა) მოიწვია მღვდლმთავრების კრება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან გამოყოფის ინიციატივის განსახილველად, ამის შესახებ Jurnal TV-ს კიშინოვის წმინდა დიმიტრის სახელობის ეკლესიის რექტორმა პაველ ბორშევსკიმ განუცხადა.
შეხვედრა 16 ნოემბერს გაიმართება.
მან გაიხსენა, რომ მიტროპოლიას რუმინეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში გაწევრიანება შესთავაზეს. ამის შესახებ ისაუბრეს მღვდელმთავრებმა. ბორშჩევსკის თქმით, ამის წინააღმდეგი მხოლოდ ერთი სასულიერო პირი იყო.
„ვთხოვთ მთელ სტრუქტურას მიტროპოლიტ ვლადიმირის ხელმძღვანელობით, გამოეყოს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელსაც პატრიარქი კირილი ხელმძღვანელობს და გადავიდეს რუმინეთის საპატრიარქოს ომფორიის ქვეშ. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ იმავე ეკლესია პატრიარქთან, რომელიც თავის მღვდლებს აძლევს კურთხევას, ილოცონ რუსული ჯარის უკრაინაზე გამარჯვებისთვის"“, - ხაზგასმით აღნიშნა ბორშჩევსკიმ.
სექტემბერში მიტროპოლიტმა ვლადიმირმა პატრიარქ კირილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის საუბრობდა იმ პრობლემებზე, რომლებიც რუსეთის ეკლესიას ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში შეექმნა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ახლა რუსული ეკლესია „მოლდოვის საზოგადოებაში აღიქმება, როგორც კრემლის ფორპოსტი და უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინამძღოლი".
„ასეთი კავშირი ჩვენი გაქრობის ტოლფასია ქვეყნის რელიგიური და სოციალური სცენიდან იმის გამო, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიუღებელია რუსეთის აგრესიულ ჩარევა როგორც მეზობელი და მეგობარი უკრაინის, ისე ჩვენი ქვეყნის საქმეებში“, - აღნიშნა ვლადიმირმა.
მან განაცხადა, რომ რუსული ეკლესია "ინსტიტუციური გაკოტრების" ზღვარზე იყო და რუმინეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში გაწევრიანებაზე მიანიშნა. ვლადიმირმა ასევე დაადანაშაულა მოსკოვის საპატრიარქო დახმარების თხოვნის უგულებელყოფაში და მიტროპოლიის ჩათრევაში მისთვის უცხო "რუსულ სამყაროში".
„სამწუხაროდ, მოსკოვს ჯერ კიდევ არ ესმის ის ფაქტი, რომ მოლდოვის მოსახლეობას ლათინური ფესვები აქვს. და სავსებით ბუნებრივია, რომ ცდილობს, დარჩეს ამ ცივილიზაციურ სივრცეში მრავალსაუკუნოვანი ხელოვნური დაყოფის შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ უღალატოს მართლმადიდებლობას... რუსეთში, როგორც საერო, ისე საეკლესიო ხელისუფლება გვექცეოდა და გვექცევა, როგორც პერიფერიულ და უზურგო ხალხს, რომელიც მოკლებულია უფლებას მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც საჭიროდ მიიჩნევს საკუთარი კეთილდღეობისა და აყვავებისთვის“, - განაცხადა ვლადიმირმა.


