რუსეთში აზერბაიჯანელების ქეიფი სამხედრო სამსახურში გაწვევით დასრულდა
15/11/2023 11:23:14 მსოფლიო
ვორონეჟში პოლიციამ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში გამოძახების შესახებ დოკუმენტი გადასცა 50 აზერბაიჯანელს, რომლებიც დაბადების დღეს ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნავდნენ. ამის შესახებ ტელეგრამ–არხი "ვესტი ვორონეჟ" იტყობინება.
თვითმხილველების თქმით, პოლიციამ ჯერ საბუთები შეამოწმა, შემდეგ კი სამხედრო სამსახურში გამოძახების შესახებ დოკუმენტების გაცემა დაიწყო.
ზოგიერთი ცნობით, გამოძახებები მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ გახდნენ რუსეთის მოქალაქეები, მაგრამ არ იყვნენ დარეგისტრირებულები სამხედრო ნაწილში.
ოქტომბრის ბოლოს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი გამოვიდა ინიციატივით, მიგრანტებს, რომლებმაც მიიღეს რუსული პასპორტები, ჩამოერთვათ მოქალაქეობა, თუ მათ არ სურთ მონაწილეობა მიიღონ უკრაინის წინააღმდეგ ომში.
გაზაფხულზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც საშუალებას აძლევს უცხოელ მოქალაქეებს, რომლებმაც ომის დროს გააფორმეს კონტრაქტი რუსეთის ჯარში სამხედრო სამსახურისთვის, მიიღონ მოქალაქეობა გამარტივებული გზით.


