Accentnews.ge
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ჩვენმა არმიამ ღაზაში "ჰამასის" დაცვის ხაზი გაარღვია

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ჩვენმა არმიამ ღაზაში "ჰამასის" დაცვის ხაზი გაარღვია

14/11/2023 19:18:33 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის არმიამ ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებებით "ჰამასის" თავდაცვის ხაზი გაარღვია და ჩრდილოეთ ღაზას მიწისზედა ტერიტორიას, მათ შორის ქალაქ ღაზას აკონტროლებს.

"არმიას უფლება მივეცი, განაგრძოს წინსვლა, როგორც დღეს, ასევე უახლოეს დღეებში, რათა შეასრულოს ამოცანები. არ იარსებებს უსაფრთხო ადგილი მანამ, სანამ არ დავასრულებთ ჩვენს მისიას და არ დავაბრუნებთ მძევლებს", - აცხადებს გალანტი.

ცნობისთვის: ისრაელი ღაზაში ოპერაციას აგრძელებს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, ღაზას სექტორის უდიდესი საავადმყოფო "თითქმის სასაფლაოდ" იქცა.

"ალ-შიფას საავადმყოფოში დაახლოებით, 600 ადამიანია, დანარჩენები კი თავს დერეფნებს აფარებენ. საავადმყოფოს ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა დაკრძალვა ან მორგში გადაყვანა ვერ ხერხდება. საავადმყოფო აღარ მუშაობს, ის თითქმის სასაფლაოდ იქცა", - განაცხადა 14 ნოემბერს ორგანიზაციის პრეს–სპიკერმა კრისტიან ლინმაიერმა.

ამასთან, მისი ცნობით, შემაშფოთებელია ათობით დღენაკლული ბავშვის ბედი, რომლებსაც ელექტროენერგიის გათიშვის გამო ინკუბატორებში საფრთხე ემუქრებათ. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 3 ასეთი ჩვილი ჟანგბადის ნაკლებობის გამო უკვე დაიღუპა.

ისრაელი „ჰამასს“ ადანაშაულებს, რომ საავადმყოფოს ტერიტორიის ქვემოთ სამეთაურო პუნქტი აქვს. საავადმყოფოს პერსონალი და დაჯგუფება, რომელიც აკონტროლებს სექტორს, ამას უარყოფს.

13 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში მძიმე ვითარება იყო: "ელექტროენერგია თითქმის სრულად გათიშულია და საკვებისა და წყლის დეფიციტია".

მოგვიანებით, იმავე დღეს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მზად არის, დაეხმაროს საავადმყოფოს პერსონალს ჩვილების ევაკუაციაში. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს–სპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ "ჰამასი" ალ-შიფას საავადმყოფოს თანამშრომლებს საწვავის შეგროვებაში უშლიდა ხელს:

"ისრაელის არმიამ ღამით საავადმყოფოსთან 300 ლიტრი საწვავი დატოვა, მაგრამ "ჰამასი" ხელს უშლიდა და ახორციელებდა ზეწოლას საავადმყოფოზე არ შეეგროვებინა იგი".

"ჰამასი" ბრალდებას უარყოფს.

13 ნოემბერს საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა BBC-ს განუცხადა, რომ 300 ლიტრი საწვავი გენერატორების მუშაობას მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში უზრუნველყოფს.

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ "ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 239-ვე პირი გათავისუფლდება".
  • 7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის დროს, როცა 240-მდე მძევალი იქნა გატაცებული, დაიღუპა 1200 ადამიანი. ისრაელის საპასუხო ოპერაციის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 11 300–მდეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S