Accentnews.ge
ფინეთი რუსეთის საზღვარზე ახალ შეზღუდვებს ამზადებს

ფინეთი რუსეთის საზღვარზე ახალ შეზღუდვებს ამზადებს

14/11/2023 15:51:04 მსოფლიო

ფინეთი რუსეთის საზღვარზე ახალ შეზღუდვებს ამზადებს, მათ შორის საზღვარზე საგუშაგოების ნაწილის დახურვასაც არ გამორიცხავს.

აღნიშნულის მიზეზად თავშესაფრის მაძიებელი პირების მკვეთრი მატება სახელდება.

კერძოდ, ფინეთის ხელისუფლების ცნობით, მესამე ქვეყნების მოქალაქეები რუსეთიდან ფინეთის სასაზღვრო კონტროლის პუნქტებში ჩადიან და თავშესაფარს ითხოვენ. ჰელსინკიში მიაჩნიათ, რომ ეს არ არის შემთხვევითობა.

ცოტა ხნის წინ ფინეთის ხელისუფლებამ უკვე შემოიღო დამატებითი შემზღუდველი ღონისძიება. აიკრძალა რუსეთთან საზღვრის გადაკვეთა ველოსიპედით. თუმცა ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე საგუშაგოებზე ხალხი აგრძელებს ჩასვლას საჭირო დოკუმენტაციის გარეშე.

„მთავრობის ამოსავალი ნათელია, ჩვენ გვინდა ვიზრუნოთ ჩვენი საზღვრის უსაფრთხოებაზე. სიტუაციას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ხელისუფლებას შეუძლია, შეზღუდოს საზღვარზე მოძრაობა, დახუროს ზოგიერთი ან თუნდაც ყველა სასაზღვრო გადასასვლელი, ან თავშესაფრის მოთხოვნა მიიღოს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას", – განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ.

ფინეთის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ რუსეთის მესაზღვრეები უსაბუთო ადამიანებს უფლებას აძლევენ, თავიანთი საგუშაგოების გავლით შევიდნენ ფინეთში, თუმცა ისინი ამას არ უნდა აკეთებდნენ. ორპოს ცნობით, რუსი მესაზღვრეები თავშესაფრის მაძიებლებს საზღვართან მისვლაშიც კი ეხმარებიან.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობები გაამკაცრა. "შენგენის" ვიზის მფლობელებს ფინეთში არ უშვებენ. საჭიროა ევროკავშირში ბინადრობის უფლების, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეობის ქონა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ტრანზიტი აეროპორტამდე.

ფინეთმა ასევე დააწესა აკრძალვა რუსეთში რეგისტრირებული მანქანების შესვლის შესახებ მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ 8 სექტემბერს გამოაქვეყნა სანქციების რეჟიმის განმარტება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსული ნომრით მანქანების ევროკავშირში შესვლა შეიძლება, გაუტოლდეს იმპორტს, რომელიც სანქციების რეჟიმით აკრძალულია.

მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად კვლავაც არსებობს ავტობუსების რამდენიმე მარშრუტი, რომლებიც ჰელსინკის აეროპორტს სანქტ-პეტერბურგთან აკავშირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S