უქმნის საქართველოს სტატუსს გამოწვევას სამხედრო ტვირთის გატარება?

14-11-2023 17:41:44 კავკასია ,ანალიზი

სომხეთმა, რომელმაც საკუთარი უსაფრთხოების მხოლოდ ერთ ქვეყანაზე „ჩამოკიდებას“ „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა, საფრანგეთიდან პირველად მიიღო დაპირებული ჯავშანტრანსპორტიორების პირველი პარტია, Ouest-France–ს ცნობით, მრავალფუნქციური Bastion–ები. ამ ტრანზიტის კონტექსტში თავდაპირველად აზერბაიჯანულმა გამოცემამ Caliber.Az–მა გაამახვილა ყურადღება საქართველოს ტერიტორის გამოყენების თაობაზე, რომელიც სომხეთ–აზერბაიჯანის დაძაბულ ურთიერთობაში მედიატორის როლით გამოდის და სამშვიდობო შეთანხმებისთვის მათ საკუთარ ტერიტორიას სთავაზობს. კერძოდ, Caliber.Az–ის ცნობით, 12 ნოემბერს ფოთის პორტში შევიდა ფრანგული კომპანია ARQUUS–ის მიერ გაგზავნილი Acmat-ის წარმოების ფრანგული მრავალფუნქციური ჯავშანტექნიკა კომპონენტებითურთ, რომელიც გაემართა საქართველო–სომხეთის საზღვრისკენ. ხოლო შემდეგ "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ დაადასტურა რადიო თავისუფლებასთან სომხეთისთვის საქართველოს გავლით "კონკრეტული ტვირთის" მიწოდება:

„კონკრეტულ შემთხვევაში, ტვირთი შემოსულია ევროკავშირის ქვეყნიდან - საფრანგეთიდან და მიმართულია სომხეთში - ქვეყანაში, რომელიც არ არის სანქცირებული. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის მკაფიო მითითებებისა და საერთაშორისო მარეგულირებლების მიერ დაწესებული შეზღუდვების არარსებობის პირობებში, "ეიპიემ ტერმინალს ფოთი", მრავალმიზნობრივი ნავსადგური საქართველოსა და რეგიონში, მოკლებულია შესაძლებლობას, უსაფუძვლოდ თქვას უარი იმ ტვირთის მიღებაზე, რომელიც არ არის სანქცირებული".

თემის კომენტირებისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვირთისთვის დათმობილ დერეფანზე აქცენტი არ გაუკეთებია, თუმცა ხისტად გააკრიტიკა მიმწოდებელი.

ცხადია, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც სამხედრო დანიშნულების ტვირთის ტრანზიტისთვის (როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მიმართულებით) გამოიყენება საქართველოს ტერიტორია. ამ შემთხვევაში ტექნიკური უწყება, რომელიც ტვირთის გატარებაზე გასცემს ნებართვას, თავდაცვის სამინისტროა და როგორც „აქცენტთან“ ვითარებაში გარკვეული სპეციალისტები განმარტავენ, საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებაა, განსაკუთრებით კონფლიქტის დროს არ დაუშვას დისბალანსი, ამიტომ, თანაბრად გასცემს ნებართვებს როგორც აზერბაიჯანული, ისე სომხური მხარისთვის. ამასთან, ვინაიდან 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს რუსული შეიარაღებისთვის ცა და ხმელეთი ჩაკეტილი აქვს, ხოლო სომხეთში რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული, განსხვავებით ყველა სხვა ქვეყნისგან, სომხეთის ხელისუფლებასთან ოფიციალურ თბილისს აქვს სპეციფიური შეთანხმება: საქართველოს სამხედრო ატაშე უფლებამოსილია, დახვდეს ტვირთს, რომელიც საქართველოს გავლით ჩავა სომხეთში და გაჰყვეს მას საბოლოო დანიშნულების წერტილამდე, რათა ის რუსულ სამხედრო ბაზაზე არ მოხვდეს. ამ პრინციპებით იცავდა საქართველო ათწლეულების განმავლობაში თავის ნეიტრალურ პოზიციას ორ მეზობელთან მიმართებით კონფლიქტის აქტიურ ფაზების დროსაც კი.

ამგვარ აქტივობაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძეც და არც იმას ფიქრობს, რომ ეს რამენაირად აყენებს ჩრდილს საქართველოს პოზიციონირებას რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით:

  • „როდესაც კონფლიქტის აქტიური ფაზა არაა და არც აქტიური სამზადისი შეიმჩნევა, „დერეფანს არ მოგცემთ“, „ტვირთს არ გავატარებთ“, ამგვარი აქტივობა, არ არის სწორი და ასე არც ხდება ხოლმე: ეკონომიკა და სატრანსპორტო გადაზიდვები გლობალური თემებია, რომელიც თავისუფლებით ხასიათდება. შესაბამისად, საქართველოს ამ შემთხვევაში ვერავინ დაადანაშაულებს, რომ რაიმე ტვირთი გაატარა, თუნდაც სამხედრო დანიშნულების;
  • აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმების მონაწილეები ვართ, ინსპექტირებაც ხორციელდება, მათ შორის, ჩვენს ტერიტორიაზეც – სამხედრო ნაწილების განლაგებაზე, რაოდენობაზე, შეიარაღებაზე და ეს აშკაარდ იმგვარი ინფორმაციებია, რომელიც ვერიფიკაციას ექვემდებარება;
  • სამივე სახელმწიფოს სწორედ დერეფნის ფუნქცია გვექნება – ასეა გეოგრაფიულად. ცხადია, ჟურნალისტების [აზერბაიჯანელი] მხრიდან შესაძლოა, გამახვილდეს ყურადღება – ფრანგებზე გაღიზიანებულები არიან, რადგან სომხეთს ლობირებას უწევს, სისხლია დაღვრილი, ოკუპირებული იყო ტერიტორია, ემოცია არსებობს და ამ ემოციაზე ქულების დაწერის ცდუნებაც, ალბათ, ეჭვებიც და გაკეთდება აქცენტი, “საფრანგეთი საქართველოს გავლით აწვდის ტვირთსო“, მაგრამ ისიც უნდა გაიხსენონ, რომ თურქეთი იგივე საქართველოს გავლით მათაც შესაძლოა აწვდიდეს იარაღს და აქ ახალი არაფერია. ამას თავისი პროცედურები აქვს და ეს ხორციელდება“,– ამბობს „აქცენტთან“ თავდგირიძე.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ამ ორ მეზობელთან მიმართებით ფრთხილი პოზიციის მქონე ქვეყანაა, და არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იძლევა თავისი მოქმედებების ლოგიკით ფიქრის საშუალებას, რომ რაღაც ავანტიურისტული ჩაიფიქრა“, „სამოქალაქო იდეის“ მკვლევარი გიორგი შაიშმელაშვილი ვარაუდობს, რომ ტვირთის გატარებაზე თანხმობა „დიდი შეთანხმების და თანხმობის ნაწილი იყო, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან დიალოგის“.

„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იყო მოლაპარაკებები, მათ შორის ფრანგებთან. ცხადია, შეთანხმების გარეშე ტვირთი ვერანაირად გაივლიდა, რადგან რამდენადაც სომეხი კოლეგებისგან ვიცი, რიგ ტვირთებზე თანხმობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ელოდნენ“,– ამბობს „აქცენტთან“ შაიშმელაშვილი და განაგრძობს, „თუ უფრო დიდ სურათში შევხედავთ კონკრეტულ საკითხს და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი დამთავრდა (იმედი მაქვს, სხვა მიმართულებით ეს კონფლიქტი შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას არ მიიღებს – ქვეყნები მიაღწევენ მშვიდობიან შეთანხმებას), ამ ფონზე სომხეთში უსაფრთხოების გარანტიების საკუთარი შესაძლებლობებით დასავლეთიდან მიღება არ მგონია, რომ არსებითად ეწინააღმდეგებოდეს აზერბაიჯანის ინტერესებსაც“.

შაიშმელაშვილი კიდევ უფრო ფართო კონტექსტზე ამახვილებს ყურადღებას და ამ შესყიდვას საგარეო პოლიტიკური არჩევანის კონტექსტში განიხილავს:

„საქართველოში ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ კარგად სომხეთში მიმდინარე პროცესებს: აშკარად იცვლება სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსი და იცვლება დასავლეთისკენ. ევროპული იარაღი არ ნიშნავს ახალ ომს, ეს ნიშნავს დასავლური ჩართულობის გაზრდას იმ დროს, როცა კონფლიქტის ცხელი კერები არ არსებობს. ცხელი კერების არსებობის შემთხვევაში ალბათ, ჩვენც მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენდით".

ამდენად, შაიშმელაშვილი ფიქრობს, რომ ეს უფრო პოლიტიკის და "სტრატეგიის ნაბიჯია საქართველოს მხრიდან და სწორიც, ვიდრე კონფრონტაციული ტონისთვის ხელის შეწყობა ან გადახვევა მანამდე არჩეული მედიატორის როლისგან“.

ჯამში, მკვლევარი, განსხვავებით უკრაინაში რუსეთის შეჭრამდელი მოცემულობისა, როდესაც მისი დაკვირვებით, რეგიონში დასავლეთის წარმოდგენილობა სუსტდებოდა, სურათის ცვლილების თაობაზე ოპტიმიზმს ინარჩუნებს და არგუმენტად მოჰყავს სხვა ინდიკატორებიც, მათ შორის, ევროკავშირის გადაწყვეტილება, გაზარდოს მისია სომხეთში; სომხეთის მცდელობა, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას ასოცირების კონტექსტში, რამდენადაც ამის შესაძლებლობას ევროკავშირის ბიუროკრატია მისცემს; ხოლო ევროპული ბაზრების მიმართ საკუთარი გაზისა და ნავთობისთვის აზერბაიჯანის გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, „სომხეთის დასავლეთისკენ „შეტრიალება“ ბაქოსთვისაც უნდა იყოს მნიშვნელოვანი“. „რაც მთავარია, ეს ხდება რუსული პოზიციების შემცირების ხარჯზე, რაც როგორც საქართველოს, ისე სომხეთის და აზერბაიჯანის ინტერესებშიცაა!“– აჯამებს მკვლევარი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები