სუნაკმა დიდი ბრიტანეთის შს მინისტრი გაათავისუფლა
13/11/2023 10:21:53 მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი სუელა ბრავერმანი.
Sky News-ის ცნობით, სუნაკმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი დაადანაშაულეს პოლიციის დამოუკიდებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაში ოპერატიული ამოცანების შესრულებისას და მის მიმართ საზოგადოების ნდობის შელახვაში.
ასეთი ბრალდებების მიზეზი გახდა ბრავერმანის სტატია, რომელშიც ის აკრიტიკებდა პოლიციის ქმედებებს პალესტინის მხარდამჭერი აქციების დროს.
8 ნოემბერს The Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მინისტრი ამტკიცებდა, რომ ბრიტანულ პოლიციას ჰყავს „ფავორიტები“ და ის ბევრად ლმობიერია მემარცხენე, პროპალესტინელი მომიტინგეების მიმართ, ვიდრე მათი ოპონენტების. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ბრავერმანის ზოგიერთმა კოლეგამ აღიქვეს ეს, როგორც სკოტლანდ იარდის ხელმძღვანელ მარკ როულიზე ზეწოლის მცდელობა 11 ნოემბერს დაგეგმილი პროპალესტინური მსვლელობის წინ.
შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საქმეების მინისტრმა ჯეიმს ჰეპიმ, Sky News-თან საუბრისას მხარი დაუჭირა ბრევერმანის გადადგომის გადაწყვეტილებას, ისევე როგორც თავდაცვის მინისტრმა და ხაზინის თავმჯდომარემ. კონსერვატორმა დეპუტატმა ანდრეა ჯენკინსმა გააკრიტიკა ეს ნაბიჯი. „მე მხარს ვუჭერ სუელა ბრავერმანს. ის გაათავისუფლეს სიმართლის თქმისთვის. ცუდი ნიშანია რიშისგან მემარცხენეებთან დათმობის კუთხით” - წერს დეპუტატი სოციალურ ქსელ X-ში.
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომის დაწყების შემდეგ, რომელიც მოჰყვა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას, ლონდონში რამდენიმე მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა პალესტინის მხარდასაჭერად. ყველაზე ხალხმრავალი მსვლელობა 11 ნოემბერს შედგა - პოლიციის შეფასებით, მასში 300 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ დააკავა 100-ზე მეტი აქტივისტი, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მსვლელობას.


