რატომ სურს ბაიდენს აშშ-ჩინეთს შორის სამხედრო კავშირების აღდგენა
13/11/2023 06:33:43 მსოფლიო
შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენს ჩინეთთან სამხედრო კავშირების აღდგენა სურს.
როგორც სალივანმა CNN-თან და CBS-სთან საუბრისას განმარტა, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ამერიკელ და ჩინელ სამხედროებს შორის კავშირების აღდგენა შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს შეესაბამება და კომუნიკაციის არხები საჭიროა, რათა არ მოხდეს შეცდომები და გაუგებრობები.
მისივე თქმით, 15 ნოემბერს სან-ფრანცისკოში გაიმართება აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი, რომლის ფარგლებში ჯო ბაიდენი ჩინელ კოლეგა სი ძინპინს შეხვდება. სალივანის განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა ამერიკელ და ჩინელ სამხედროებს შორის კონტაქტების აღდგენა იქნება.
15 ნოემბერს სან-ფრანცისკოში დაგეგმილ შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და სი ძინპინი სამხედრო კავშირების აღდგენის გარდა, განიხილავენ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის – ისრაელისა და „ჰამასის“ ომს, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში, ჩრდილოეთ კორეის და რუსეთის კონტაქტებს, ტაივანის საკითხს, ადამიანის უფლებების მდგომარეობას და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.
აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც 2023 წლის თებერვალში ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს ჩინეთის მზვერავი აეროსტატი. ამ ფაქტის გამო სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გადადო პეკინში დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც მხოლოდ 4 თვის შემდეგ შედგა.


