უკრაინა: ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქების შედეგად 3 რუსი ოფიცერი დაიღუპა
13/11/2023 06:01:32 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
მისი ცნობით, აფეთქება რუსი ოფიცრების შეხვედრის დროს მოხდა.
"შურისძიების ეს აქტი, რომელიც განხორციელდა ადგილობრივი წინააღმდეგობის ძალების წარმომადგენლების მიერ, მოხდა რუსების მიერ დაკავებულ ოფისში. შეხვედრას რუსეთის ეროვნული გვარდიისა და "ეფესბეს" სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები ესწრებოდნენ. მომხდარის შედეგად ეროვნული გვარდიის, სულ მცირე, სამი ოფიცერი დაიღუპა. მტრის სხვა დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", – აცხადებენ უწყებაში.
ინციდენტის შესახებ რუსი ოფიციალური პირების მხრიდან განცხადება ჯერ–ჯერობით არ გაკეთებულა.


