ბერბოკი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს იწყებს
10/11/2023 12:57:09 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აღმოსავლეთში ტურნეს იწყებს.
იგი ჩავა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრები ფოკუსირებული იქნება „ჰამასის“ მიერ დაკავებული გერმანელი მძევლების გათავისუფლებაზე, ღაზაში მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და გერმანიის დიპლომატიურ ძალისხმევაზე რეგიონული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.
„ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი „ჰამასის“ მიმდინარე სასტიკი ტერორისგან. ამავდროულად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შემსუბუქდეს უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების საშინელი ტანჯვა“, –აღნიშნავს ანალენა ბერბოკი გამგზავრებამდე გაკეთებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 10 500-ს გადააჭარბა.
"ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას მოითხოვენ.
ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლისა და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო გაერო ისრაელს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ "მისი სამიზნე მხოლოდ „ჰამასი“ არის, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს". 8 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა დაადასტურა ისრაელის მთავრობის პოზიცია, რომ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული პაუზა არ გამოცხადდება „ჰამასის" მიერ მძევლების გათავისუფლების გარეშე.


