ისრაელი ღაზაში საბრძოლო მოქმედებებისას ოთხსაათიან პაუზებს ადასტურებს
10/11/2023 06:16:57 მსოფლიო
ისრაელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში პერიოდული პაუზები იქნება, თუმცა განაცხადა, რომ ეს ბრძოლის შეწყვეტას და არ ნიშნას და რომ საბრძოლო მოქმედებებს მიზნების მიღწევამდე არ შეწყდება.
თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განმარტა, რომ ისრაელის არმიის მიერ 9 ნოემბრიდან გამოცხადებული პერიოდული, 4-საათიანი პაუზები გავლენას არ მოახდენს ღაზაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე.
გალანტის განცხადებით, ცეცხლს არ შეწყვეტენ მძევლების გათავისუფლებამდე და „ჰამასის“ განადგურების და მისი სამხედრო და მართვის პოტენციალის დემონტაჟის მისიის შესრულებამდე.
მისი თქმით, ყოველდღიური 4-საათიანი პაუზების მიზანია, სამოქალაქო პირებს მისცენ ქალაქ ღაზადან სამხრეთში წასვლის შესაძლებლობა და თავიდან აარიდონ შესაძლო ზიანი.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად არმიის ჯარისკაცები ქალაქ ღაზას ცენტრში მოქმედებენ და საკმაოდ ახლოს არიან ღაზას პორტთან.
გალანტმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე თქვა, რომ ისრაელის არმიამ ახალი მეთოდებით დაიწყო „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბების განადგურება.
9 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელი დათანხმდა ყოველდღიური პაუზების გამოცხადებას, რათა ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას ჰქონდეს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების ზონიდან გასვლის შესაძლებლობა.
მოგვიანებით პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი ტვიტერი) დაწერა, რომ ისრაელის ლიდერებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ესაუბრებოდა ჰუმანიტარული პაუზების მნიშვნელობაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოება და მძევლების გათავისუფლება და გაიზარდოს ღაზასთვის სურსათის, წყლის და მედიკამენტების მიწოდება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინფორმაციით, ორი დღის წინ ღაზას სექტორში შევიდა 96 სატვირთო ავტომანქანა, შემდეგ კი - 106. ბაიდენის თქმით, პროცესი უნდა დაჩქარდეს, მასშტაბი გაიზარდოს და ღაზას სექტორში ყოველდღე უნდა შევიდეს სულ მცირე 150 ავტომანქანა.
ღაზას სექტორში საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთი ეგვიპტის ტერიტორიიდან შედის.


