ზელენსკიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობები დაასახელა
09/11/2023 15:28:52 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ღიაა სამშვიდობო ინიციატივებისთვის, მაგრამ უარყო რუსეთთან კომპრომისის შესაძლებლობა.
"რატომ ფიქრობთ, რომ ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ, მზად უნდა იყოს კომპრომისისთვის? რუსი ჯარისკაცები უნდა დაბრუნდნენ საკუთარ მიწაზე! ისინი უნდა წავიდნენ! ეს არის ომის შეჩერების რეალური გზა," - აღნიშნა მან Reuters NEXT-ის კონფერენციაზე და დასძინა, "თუ ჩვენი ტერიტორიები კომპრომისის საკითხი გახდება, მაშინ უნდა გესმოდეთ, რა მოხდება სხვა რეგიონებში, სხვა კონტინენტებზე. სხვა ქვეყნების ტერიტორიები ყველგან საფრთხის ქვეშ იქნება".
მისი თქმით, უკრაინა მზად არის, მოისმინოს ნებისმიერი ინიციატივა, თუ ის გულისხმობს რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანას. კერძოდ, კიევში მზად არიან მოისმინონ ბრაზილიის, აშშ-ის, ჩინეთისა და აფრიკის ქვეყნების წინადადებები, მაგრამ "ყველა წინადადება უნდა ეფუძნებოდეს ერთ იდეას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერასდროს ვიპოვით გამოსავალს".
აშშ-ში უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების შესაძლო შემცირების შესახებ დისკუსიებზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების ზოგიერთი განცხადება "ნამდვილად საშიშია". თუმცა, ზელენსკის თქმით, მაშინაც კი, თუ აშშ შეცვლის საგარეო პოლიტიკას, უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას:
"ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენს გარეშე, თქვენ უნდა გაიგოთ ჩვენი ერის – თავისუფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, რაც გვაქვს და მას არავინ დავუთმობთ, მაშინაც კი, თუ დიდი ლიდერები შეეცდებიან, ამისკენ გვიბიძგონ!"


