ზალუჟნის მოადგილის გარდაცვალების საქმეზე ბრალი მის ოფიცერს წარუდგინეს
09/11/2023 12:05:00 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ერთ-ერთი მოადგილის გარდაცვალების საქმეზე ბრალი მის კოლეგას ოლეგ ტიმჩენკოს წარუდგინეს.
როგორც უკრაინული მედია წერს, ტიმჩენკოს ასაფეთქებელი მოწყობილობის ნებართვის გარეშე შეძენა–შენახვა–ტარებას ედავებიან. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"დადგენილია, რომ ოფიცერმა შესაბამისი ნებართვის გარეშე შეიძინა 8 ცალი უნივერსალური ხელყუმბარა და სამუშაო კაბინეტში მიიტანა. შემდეგ ხელყუმბარები სასაჩუქრე ხის ყუთში ჩადო. ყუთში ჩადო ალკოჰოლური სასმელიც და სამხედრო მოსამსახურე გენადი ჩასტიაკოვს დაბადების დღეზე აჩუქა. კიდევ 2 ხელყუმბარას ინახავდა სამუშაო კაბინეტის კარადაში, საიდანაც ის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ამოიღეს," - ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში.
მანამდე მედია წერდა ძალოვანებზე დაყრდნობით, რომ ჩასტიაკოვმა იცოდა, რომ მას ხელყუმბარას ჩუქნიდნენ.
6 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვალერი ზალუჟნის თანაშემწე, 39 წლის გენადი ჩასტიაკოვი საკუთარ სახლში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა. დაიჭრა მისი 13 წლის ვაჟიც.
როგორც ზალუჟნი ამბობდა, დაბადების დღის ერთ-ერთ საჩუქარში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული.


