ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი: ისრაელი-"ჰამასის" ომის გაშუქებისას, სულ მცირე, 39 ჟურნალისტი დაიღუპა
09/11/2023 11:02:35 მსოფლიო
"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" (CPJ) ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელი-"ჰამასის" ომის გაშუქებისას, სულ მცირე, 39 ჟურნალისტი დაიღუპა.
CPJ–ს ცნობით, მათგან 34 პალესტინელი იყო, 4 ებარელი და 1 ლიბანელი. დაშავდა 8 და უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 13 ჟურნალისტი.
ცნობისთვის: ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 10 500-ს გადააჭარბა.
"ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას მოითხოვენ.
ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლისა და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო გაერო ისრაელს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ "მისი სამიზნე მხოლოდ „ჰამასი“ არის, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს". 8 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა დაადასტურა ისრაელის მთავრობის პოზიცია, რომ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული პაუზა არ გამოცხადდება „ჰამასის" მიერ მძევლების გათავისუფლების გარეშე.


