ისრაელის არმია: ღაზაში "ჰამასის" 130 გვირაბი გავანადგურეთ, ოპერაცია გრძელდება
09/11/2023 08:54:05 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ღაზაში "ჰამასის" 130 გვირაბი გაანასდგურეს.
როგორც ისრაელის არმიაში აცხადებენ, ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გრძელდება.
"ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის გაფართოებით ჯარისკაცები აფერხებენ "ჰამასის" ტერორისტულ ინფრასტრუქტურას", - აცხადებს IDF.
ცნობისთვის: ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 10 500-ს გადააჭარბა.
"ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას მოითხოვენ.
ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლისა და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო გაერო ისრაელს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ "მისი სამიზნე მხოლოდ „ჰამასი“ არის, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს". 8 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა დაადასტურა ისრაელის მთავრობის პოზიცია, რომ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული პაუზა არ გამოცხადდება „ჰამასის" მიერ მძევლების გათავისუფლების გარეშე.


