«ოცნების» პასუხი დასავლეთის კრიტიკას: მიდის თუ არა საქართველო ქარის საწინააღმდეგოდ?

17-12-2019 16:38:42 თვალსაზრისი ,ანალიზი

მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე გაცემული ისტორიული დაპირება ჩააგდო და პოლიტიკური პროცესები პარლამენტიდან ქუჩაში „გაისროლა“, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან პერიოდულად ისმის მწვავე კრიტიკა: ჯერ გამოითქვა მწუხარება, შემდეგ - შეშფოთება და მოწოდება დიალოგისკენ, უკვე 16 დეკემბერს კი აშშ–ის კონგრესში საქრთველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ სიტყვა „შოკი“ ახსენა:


„1991 წლის შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საქართველომ განვითარების მყარი დემოკრატიული საფუძვლები შექმნა და დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპისადმი ერთგულებას დემონსტრირებდა. სწორედ ამიტომ ვართ დღეს შოკირებულები, როცა გვესმის, რომ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულმა რეფორმამ კოლაფსი განიცადა. ამ რეფორმებზე საქართველო წლების განმავლობაში ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად მუშაობდა. ეს ვალდებულება აღებულ იქნა არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების, არამედ უპირველესად ქართველი ხალხის წინაშე. ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება განაახლებს მოლაპარაკებას და მიიღებს ამ მნიშვნელოვან სარეფორმო პაკეტს“.

საინტერესოა, რამდენად გასაგებია დიპლომატიური ენა საქართველოს ხელისუფლებისთვის; ზოგადად, ჰყავს თუ არა მას მსმენელი და რა ხდება მას შემდეგ, რაც ჯიუტად არ გესმის. მავანთათვის მსგავსი კრიტიკული პოზიციები შესაძლოა, «შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობა» იყოს და ამ ნარატივს სოციალურ ქსელში აქტიურადაც ავრცელებენ სხვადასხვა კრიზისების დროს ხელისუფლების სასარგებლოდ პოზიციონირებაში შემჩნეული «ტროლები», მაგრამ რეალურად საკითხი მარტივად დგას: როდესაც პარტნიორებისგან მხარდაჭერას ითხოვ, ითხოვ ინვესტირებას, რეფორმებში დახმარებას, საერთაშორისო დონეზე შენი ინტერესების დაცვას და, ბოლოს და ბოლოს, შენი სტრატეგიული პარტნიორი ფინანსური სანქციებით ემუქრება მათ, ვინც შენივე ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობას“ აღიარებს, როდესაც გირჩევენ, «დემოკრატიულ გზას ნუ უხვევ, ამას არ იმსახურებს შენი ქვეყნის მოსახლეობაო», მინიმუმ, ალბათ, უნდა შეისმონო.  მაგრამ როგორ ესმით ეს საქართველოს ხელისუფლებაში?  


„ჩვენი მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი მოსაზრებები გვაქვს. ჩვენ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. არსებობს გარკვეული შეკითხვები, რომლებსაც ვუპასუხებთ და ეს არის სწორედ პოზიტიური თანამშრომლობისა და მეგობრობის განხილვა. არანაირი პრობლემა არაა. არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც უკვე გავლილია. ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ! სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი და როგორც იცით, ელჩების მეშვეობით ეს დიალოგი მიმდინაორებს“,– ბრძანა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ.

და, რა თქმა უნდა, როდესაც «სტრატეგიული პარტნიორი» ახსენა, ის არ უხსენებია, როგორ გამოიყურება ქვეყანა ამ პარტნიორების თვალში, როდესაც, მისი ხელისუფლება, მსუბუქად ვთქვათ, გაცემულ დაპირებას ჯიუტად არ ასრულებს. 

გარდა ამისა, როდესაც პრემიერი ბრძანებს, „კითხვებს ვუპასუხებთო“, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა 14 ნოემბრიდან –  პარლამენტის გადაწყვეტილებისთანავე უნდა დაეწყო, ან თუ დაიწყო, დაიწყო ისე, რომ ვერც პარტნიორები, ვერც მოქალაქეთა ქუჩაში გასული ან სოციალურ ქსელში აქტიური ნაწილი დაარწმუნა. 

პრემიერი ასევე ბრძანებს, „საქართველოს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენ - ყველას გვაღელვებს ერთი რამ, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება, რაშიც ეჭვი არავის ეპარება: ყველამ იცის, რომ საქართველოს არ ჰქონია არასდროს ასეთი მნიშვნელოვანი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში, ეს ყველაფერი ჩვენი დღევანდელი დღეა და რაც მეტს ვაღწევთ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები მით მეტს ითხოვენ ჩვენგან, რაც მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ პროგრესზეო".  – ეს პროგრესის ძალზე საინტერესო ვერსიაა... მაგრამ პრემიერს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რამდენად უწყობს დემოკრატიულ წინსვლას ხელს პოლარიზებული გარემო, რომელიც მნიშვნელოვნადწილად დაამძიმა პროპორციულ სისტემაზე დიალოგის დახურვამ (და ამ მხრივ ჯერ ყველაფერი წინაა: რაც უფრო ახლოა საპარლამენტო არჩევნები, მით მეტად დამძიმდება ეს გარემო); ან რამდენად მიუთითებს პროგრესზე უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის პოლიციით ალყაშემორტყმული პარლამენტიდან დანიშნვა (ადგილობრივი კრიტიკოსების თუ არ სჯერათ, პარტნიორებიც მიუთითებენ, «არაკომპეტენტური კადრები გაამწესეთ უვადოდო»)... 

დიახ, ამ ყველაფრის შესახებ არაფერი უთქვამს, - მთავარია, რომ ევროპის საბჭოში არა დამსახურებით, არამედ ანბანის წყალობით მიღებული თავმჯდომარეობა 14 დეკემბერს „საზეიმოდ“ - აქციით აღვნიშნეთ... უშუალოდ ამ ღონისძიების რეალურ მიზნებთან მიმართებაშიც საფუძვლიანი ეჭვებია და ისიც საინტერესოა, რამდენად უწყობს ხელს მსგავსი აქტივობები პოლარიზების შემცირებას, რაც ასევე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა...

თუმცა ახლა ამ საკითხზე არ გავამახვილებთ ყურადღებას. ახლა ვსვამთ კითხვას:  დამატებით რა სახის ენა ან მექანიზმი შეიძლება, გამოიყენოს საერთაშორისო საზოგადოებამ ოფიციალურ თბილისზე ზეწოლისთვის და რა გზა რჩება ოპოზიციას თუ სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ასევე ჯიუტად ითხოვს ხელისუფლებისგან დანაპირების შესრულებას. 


„არ მგონია, ასე გამწვავდეს ვითარება, მაგრამ შესაძლოა, არჩევნებამდე სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთოს განცხადება, ასევე ევროკავშირმა – ფედერიკა მოგერინის ოფისმა. თუ ასეთი განცხადებები გაკეთდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის. უკვე ყველგან იწერება და რეალურადაც არის საფრთხე, რომ თუ ის, რაც ახლა ხდება, ასე გაგრძელდა, საქართველო ეჭვქვეშ აყენებს საკუთარ რეპუტაციას  როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო პოლიტიკაში, ასევე ევროკავშირთან  და დასავლეთთან ურთიერთობაში. ამას კი შესაძლოა, მოჰყვეს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაციება. ამის შემდეგი ეტაპია არჩევნების შედეგები. თუ ეს შედეგები იქნება ძალიან ცუდი (იგულისხმება ლეგიტიმაციის პრობლემა), ეს კიდევ უფრო გააციებს ურთიერთობებს“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია.

მისივე აზრით, ოპოზიციას რჩება მხოლოდ პროტესტისა და საერთაშორისო წნეხის ბერკეტები:

„ყოველთვის არის გამოსავალი, თუ ზეწოლა გაგრძელდება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ე.წ. „გერმანულ მოდელს“ არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, ასევე უნდა დაველოდოთ ეუთო–ს დასკვნას. თუ ეს დასკვნა დადებითი აღმოჩნდება, ხელისუფლებას უარის თქმა ძალიან გაუჭირდება“.  

ახალი ამბები

სხვა სიახლეები