ნეთანიაჰუს მრჩეველი: ისრაელი ღაზას ოკუპაციას არ გეგმავს
08/11/2023 08:38:16 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი მარკ რეგევი აცხადებს, რომ ისრაელი არ გეგმავს ღაზას ოკუპაციას.
"ჩვენ უნდა განვასხვაოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პოლიტიკური კონტროლი“, – განაცხადა რეგევმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ომის დასრულების შემდეგ „ჰამასმა“ ძალების აღდგენა ვეღარ შეძლოს.
„ისრაელის უსაფრთხოების ძალები უნდა იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისრაელი ხელახლა განახორციელებს ღაზას ოკუპაციას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისრაელი იქ ღაზას სექტორის სამართავად იქნება. პირიქით, ჩვენ დაინტერესებული ვართ ახალი ჩარჩოების ჩამოყალიბებით, სადაც ღაზას მოსახლეობა შეძლებს საკუთარი თავის მართვას, სადაც იქნება საერთაშორისო მხარდაჭერა ღაზას რეკონსტრუქციისთვის“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის ცნობით, არმიამ ქალაქ ღაზას ცენტრამდე მიაღწია.
"არმიის ჯარისკაცები ღაზას გულში იმყოფებიან", – განაცხადა მან 8 ნოემბერს.
გალანტმა ქალაქს „ტერორისტების ერთი დიდი ბაზა" უწოდა და თქვა, რომ მის დემონტაჟს განაგრძობენ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელს ომი თავს მოახვიეს და ამ ომს მიზნის მიღწევამდე ვერ შეწყვეტენ.
ისრაელს მიზნად გამოცხადებული აქვს „ჰამასის" სრულად განადგურება.
იოავ გალანტმა დაადასტურა ისრაელის მთავრობის პოზიცია, რომ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული პაუზა არ გამოცხადდება „ჰამასის" მიერ მძევლების გათავისუფლების გარეშე.
რამდენიმე დღით ადრე, ისრაელის არმიის სარდლობამ განაცხადა, რომ ქალაქი სრულ ალყაში მოაქციეს.
ცნობისთვის: ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა.
"ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას მოითხოვენ.
ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლისა და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო გაერო ისრაელს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ "მისი სამიზნე მხოლოდ „ჰამასი“ არის, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს".


