სენატში დემოკრატებმა დაბლოკეს ისრაელის დახმარების კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებდა
08/11/2023 05:30:39 მსოფლიო
აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც ისრაელის დასახმარებლად 14.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარებას არ მოიცავდა.
2 ნოემბერს კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, სადაც უმრავლესობა „რესპუბლიკელებს“ აქვთ, მაგრამ სენატმა, რომელსაც „დემოკრატები“ აკონტროლებენ, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს სენატი დაამტკიცებდა, ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წარედგინებოდა, მაგრამ თეთრმა სახლმა წინასწარ განაცხადა, რომ ბაიდენი ვეტოს დაადებდა და უარს იტყოდა დოკუმენტის ხელმოწერაზე, მაშინაც კი, თუ მას კონგრესის ორივე პალატა დაამტკიცებდა და პრეზიდენტის მაგიდაზე აღმოჩნდებოდა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს სთხოვა, დაემტკიცებინა უფრო მსხვილი პაკეტი 106 მილიარდი დოლარის მოცულობით, რომელშიც შევიდოდა ისრაელის, უკრაინისა და ტაივანის დაფინანსება. სამშაბათს დემოკრატებმა სენატში ხაზგასმით აღნიშნეს უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობა, რასაც ითვალისწინებს ბაიდენის ინიციატივა.
„ჩვენს მოკავშირეებს უკრაინაში არ შეუძლიათ თავს უფრო მეტად მისცენ გადავადების უფლება, ვიდრე ჩვენს მოკავშირეებს ისრაელში,“ განაცხადა სენატორმა პეტი მიურეიმ, რომელიც სენატის ასიგნებების კომიტეტს ხელმძღვანელობს. თავის მხრივ, რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ მარშალმა განაცხადა, რომ ზედა პალატამ არ უნდა გადადოს ისრაელისთვის დახმარების აღმოჩენა.


