IDF: ისრაელის არმიამ კონტროლი აიღო "ჰამასის" სამხედრო საყრდენზე ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში
07/11/2023 12:02:06 მსოფლიო
ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) აიღეს რადიკალური დაჯგუფება "ჰამასის" სამხედრო დასაყრდენი ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან.
საყრდენი პუნქტის ტერიტორიაზე, IDF-ის ცნობით, ინახებოდა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და გამშვები დანადგარები, იარაღი და სხვადასხვა სადაზვერვო ტექნიკა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ IDF-ის მოიერიშე თვითმფრინავმა დაარტყა დაახლოებით 10 ტერორისტულ უჯრედს.
„გარდა ამისა, IDF-ის ჯარებმა აღმოაჩინეს "ჰამასის" რამდენიმე ტერორისტი, რომლებიც ალ-კუდსის საავადმყოფოს მიმდებარე შენობაში იყვნენ გამაგრებულები და იქიდან თავდასხმას გეგმავდნენ. IDF-ის ჯარისკაცებმა გაგზავნეს თვითმფრინავი "ჰამასის" ტერორისტებზე დასარტყმელად. თავდასხმას მოჰყვა მეორადი აფეთქებები, რაც მიუთითებს სამოქალაქო ტერიტორიაზე "ჰამასის" იარაღის საწყობის არსებობაზე“, - ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.
ისრაელი საპასუხო სამხედრო ოპერაციას 7 ოქტომბრის შემდეგ აწარმოებს ღაზას სექტორში, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ეგვიპტიდან ღაზას სექტორში მედიკამენტებით, საკვებითა და წყლით დატვირთული 70 სატვირთო შევიდა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას რეგიონის დატოვებისა და სამხრეთში გადასვლისთვის 4 საათი მისცა.


