ნეთანიაჰუ: "შუა აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები მთელი მსოფლიოს მომავალს ეხება"
06/11/2023 15:00:04 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, "შუა აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები მთელი მსოფლიოს მომავალს ეხება". ამის შესახებ მან ბულგარეთის პრემიერ ნიკოლაი დენკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, "ისრაელი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესამცირებლად ძალისხმევას არ იშურებს, "ჰამასი" კი მათთვის ზიანის მისაყენებლად ყველაფერს აკეთებს".
"ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ ჩვენს ომში, ჩვენ ვიბრძვით ცივილიზაციის ბრძოლაში ბარბაროსობის წინააღმდეგ. თუ ცივილიზაცია არ გაიმარჯვებს, ბარბაროსობა გაიმარჯვებს. ჩვენ ასევე ვებრძვით ყველაზე სასტიკ მტერს, რომელიც ჰოლოკოსტის შემდეგ გვინახავს და რომელიც ორმაგ სამხედრო დანაშაულს ჩადის: არა მხოლოდ განზრახ სამიზნეში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ განზრახ იყენებს თავის მშვიდობიან მოსახლეობას ადამიანურ ფარად", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის: ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზას სექტორში 9400-ზე მეტი ადამიანი.
ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო გაერო ისრაელს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ "მისი სამიზნე მხოლოდ „ჰამასი“ არის, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს".


