Reuters: პუტინმა უკვე გადაწყვიტა 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრა
06/11/2023 13:57:25 მსოფლიო
ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, დარჩეს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე და მონაწილეობას მიიღებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელში გამარჯვებაც უზრუნველყოფს მისი უფლებამოსილების 2030 წლამდე გახანგრძლივებას. ამის შესახებ Reuters ექვს უსახელო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ინფორმაციის კომენტირებისას კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინს არ გამოუცხადებია კენჭისყრაში მონაწილეობის გადაწყვეტილების შესახებ და თავად არჩევნები ჯერ არ არის დანიშნული. კანონის თანახმად, ფედერაციის საბჭომ არჩევნების თარიღი დეკემბრის პირველ ნახევარში უნდა განსაზღვროს, თავად არჩევნები, სავარაუდოდ, 17 მარტს გაიმართება. პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ თავის გადაწყვეტილებას არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ გამოაცხადებდა.
სააგენტოს წყაროები ირწმუნებიან, რომ პუტინის გადაწყვეტილება კრემლში ცნობილია და მრჩევლები საარჩევნო კამპანიის გეგმას ამზადებენ.
პუტინის სავარაუდო გადაწყვეტილება, წყაროების თქმით, იმასთან არის კავშირში, რომ ის მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის უკრაინის ომს, განიხილავს როგორც კონფლიქტს რუსეთსა და დასავლეთს შორის და თვლის, რომ მას სჭირდება "რუსეთს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სახიფათო პერიოდში გადაატანინოს".
პუტინი პირველად 2000 წელს გახდა პრეზიდენტი და დარჩა ოთხი ვადით (2008-2012 წლებში შესვენებით). თავად პუტინის ინიციატივით მიღებული საკპნსტიტუციო ცვლილებები მას მეხუთე ვადით კენჭისყრის საშუალებას აძლევს.


