სკაპაროტი – ნატო–რუსეთის ურთიერთობაზე: „ცივი ომის" დროს ერთმანეთის სიგნალები გვესმოდა"

2019-04-15 10:20:53
184

ევროპაში ნატო–ს გაერთიანებული სამხედრო ძალების მთავარსარდლის, ამერიკელი გენერლის კერტის სკაპაროტის შეფასებით, საბჭოთა პერიოდში ნატო–ს და რუსეთს უკეთესი კომუნიკაცია ჰქონდათ, ვიდრე დღეს.

„ცივი ომის დროს ჩვენ გვესმოდა ერთმანეთის სიგნალები. ჩვენ ვლაპარაკობდით. დარწმუნებული არ ვარ, რომ დღეს გვესმის“ - განაცხადა სკაპაროტიმ სააგენტო Associated Press-თან ინტერვიუში.

ამერიკელი გენერლის თქმით, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს მხოლოდ ორჯერ შეხვდა და რამდენჯერმე ტელეფონით ესაუბრა.

კერტის სკაპაროტის შეფასებით, როცა მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთის შესაძლებლობები და განზრახვები იციან, გაცილებით დაბალია მათ შორის კონფლიქტის რისკი, ამიტომ ერთმანეთთან ურთიერთობა შეკავების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ცნობისთვის: მარტის დასაწყისში აშშ-ის სენატში გამოსვლისას გენერალმა განაცხადა, რომ აშშ-ის საბრძოლო პოტენციალის გაძლიერება აუცილებელია, რათა ეფექტურად გაუწიონ წინააღმდეგობა რუსეთისგან მზარდ სამხედრო საფრთხეებს ევროპასა და მთელ მსოფლიოში. გენერალმა რუსეთს ევროპის სტაბილურობისთვის მთავარი საფრთხე უწოდა და ვაშინგტონს მოუწოდა რეგიონში სამხედრო კონტინგენტის გაზრდისკენ.