საფრანგეთის ელჩი: „TBC ბანკის საქმე ტესტია საქართველოსთვის“

2019-03-16 11:42:24
433

საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, „TBC ბანკის საქმე ტესტია საქართველოსთვის“. 

როგორც „აქცენტს“ ელჩმა განუცხადა, „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობა სანდოდაა მიჩნეული".

„ზოგადად საბანკო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ხალხს ბანკების მიმართ ნდობა არ ექნება, როგორ შეიძლება, განვითარდეს ეკონომიკა?! ვფიქრობ, ზედამხედველობისა და რეგულაციების გაძლიერება მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გზით. „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საქმე 10 წლის წინანდელ  ტრანზაქციას უკავშირდება. პირველი კითხვა რაც ჩნდება ესაა: „რატომ ეხლა, 10 წლის შემდეგ?“ ეს უცნაურია. ამჟამად საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. „თიბისი ბანკი“ სისტემური ბანკია და მას ენდობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობა სანდოდაა მიჩნეული. მიმაჩნია, რომ ეს საქმე ტესტია საქართველოსთვის” – განუცხადა „აქცენტს“ ელჩმა.

თიბისი ბანკის საქმე

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს.  

ამ ეტაპზე პროკურატურას, რომელიც 17 მლნ დოლარის ტრანზაქციის კანონიერებას სწავლობს, უშუალოდ ფულის გათეთრების ეპიზოდი ჯერ დადგენილი არ აქვს და სადღეისოდ არც ბრალდებულები ჰყავს გამოვლენილი.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC–ს ხელმძღვანელი პირების თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე.

გარდა ამისა, თიბისი ბანკის ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის. ამასთანავე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ კერძო დავას აგრძელებენ.

რამდენიმე კვირის შემდეგ კი ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ ამ მოვლენებს წინ უძღვოდა შინაგან საქმეთა მინისტრ, გიორგი გახარიას მუქარის წერილი.