"სომხებთან ის ღირებულებები გვაერთიანებს, რომელზეც ისტორიულად იდგა კავკასია"

2019-03-14 10:05:42
98

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანის სახელით ერევანში ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ სტუმართმოყვარეობასა და მეგობრობას ორივე ქვეყნის ხალხები განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ეპყრობიან, რაც საერთო ღირებულებებზე მიანიშნებს.

"ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორია, პირველ რიგში, მითოლოგიამ შემოგვინახა - ქართლოსისა და ჰაოსის ამბით - და ეს ნიშანდობლივია. ქრისტიანული აღმსარებლობის მიმდევრებიც თითქმის ერთ პერიოდში გავხდით. ასევე ერთდროულად - 1918 წელს გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, პრაქტიკულად, ერთდროულად დავკარგეთ და შემდეგ პრაქტიკულად, ერთდროულადვე აღვადგინეთ. ქართველებსა და სომხებს ის ღირებულებები გვაერთიანებს, რომელზეც ისტორიულად იდგა კავკასია. კულტურა კი არის ის სფერო, სადაც ჩვენი სიახლოვე განსაკუთრებით კარგად ჩანს. საიათნოვას, არამ ხაჩატურიანის, ფარაჯანოვის, შარლ აზნავურის, გივი შაჰნაზარისა და კიდევ არაერთი დიდი ადამიანის სახელით ვამაყობთ ქართველებიც და სომხებიც. მინდა, მოგახსენოთ, რომ წელს საქართველოში სომეხი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის - ჰოვანეს თუმანიანისა და სომეხი კომპოზიტორის - კომიტასის 150 წლის იუბილე აღინიშნება. თუმანიანის შემოქმედების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შემოდგომაზე დიდ საიუბილეო საღამოს გავმართავთ. ვფიქრობ, რომ კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების გარდა, გვჭირდება ზოგადად თანამშრომლობის სპექტრის გაფართოება. ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს საიმისოდ, რომ ვიყოთ ძლიერი, განვითარებული ქვეყნები და კავკასიას დავუბრუნოთ ის დანიშნულება, რაც მას ისტორიულად ჰქონდა.ერთმანეთის მხარდაჭერა ამ გზაზე დიდ წარმატებებს მოგვიტანს", - აღნიშნა ოფიციალურ ვახშამზე სალომე ზურაბიშვილმა.

თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "სომეხ და ქართველ ხალხში ცოცხლობს გენეტიკური მეხსიერება მეგობრობის შესახებ და დღეს ეს მეგობრობა არა ლეგენდა და მითი, არამედ რეალობაა, რომელიც რეგიონულ პარტნიორობაშია გამოხატული".

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტი წლის დასაწყისიდან ოფიციალური ვიზიტებით იმყოფებოდა ბრიუსელში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავღანეთში, აზერბაიჯანსა და ლიეტუვაში.

ბოლოს საქართველოს პრეზიდენტებს შორის სომხეთს 2014 წლის თებერვალში გიორგი მარგველაშვილი სტუმრობდა. თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშნვის შემდეგ არმენ სარქისიანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით უკვე 2-ჯერ იყო ჩამოსული.