„სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილმა აშშ–სა და რუსეთს ურთიერთგამომრიცხავი დაპირებები მისცა“

2019-02-28 11:37:05
255

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს 27 თებერვლის მუქარისშემცველ განცხადებებს ეხმიანება. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ეს განცხადებები ერთმანეთს დროში შემთხვევით არ დამთხვევია და შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე თემას უკავშირდებოდეს, მათ შორის – ირანის საკითხსა და საქართველოში აშშ–ის პრეზიდენტის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონის ვიზიტს.

გარდა ამისა, ხარშილაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელ პირთა მხრიდან ხისტი განცხადებები გამოწვეული იყოს საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთისა და აშშ–ისთვის ურთიერთგამომრიცხავი დაპირებების მიცემით:

„ამ განცხადებებს, ჩემი აზრით, ცოტა სხვა კონტექსტი აქვს. ეს არის თემები, რომელიც იწყება ირანიდან და საქართველოში ბოლტონის ვიზიტიდან, რომლის ლაიტმოტივი იყო შემდეგი: საქართველო დაეხმარება აშშ–ს სტრატეგიული პარტნიორის რანგში. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, საქართველომ აშშ–ს ასეთი დაპირება მისცა. როგორც ჩანს, მოსკოვს სხვა დაპირებები მიეცა და ახლა ბატონ ბიძინას [ივანიშვილი] ამერიკისა და რუსეთისთვის ორი ურთიერთგამომრიცხავი დაპირება აქვს მიცემული. რუსები კი ახლა ამ ფორმით გვეუბნებიან, რომ ძალიან კარგად იციან, რაზე ვესაუბრებით ამერიკელებს, შეგვახსენებენ, რომ მათთან სხვა შეთანხმება გვაქვს და თუ ჩვენ მას დავარღვევთ, მათი მხრიდან სიურპრიზები გველის“.

რა სიურპრიზები შეიძლება, იყოს ეს – პოლიტოლოგი „რადიო თავისუფლებასთან" საუბარში არ აზუსტებს.