ვინ იყო მამა გიორგი მამალაძის შეწყალების წინააღმდეგი: საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დეტალებს ჰყვება

2019-02-18 11:15:38
425

საჩხერე-ჭიათურის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის შეწყალება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს  –გიორგი მარგველაშვილს სურდა და ამის წინააღმდეგი არც საპატრიარქო იყო, თუმცა მას ამის უფლება ხელისუფლებამ არ მისცა.


"ჩემი პოზიცია და ეკლესიის პოზიცია ასეთია, რომ როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა ამ შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და, რა საკვირველია, მიესალმებოდა და ახლაც იგივე პოზიციაზე დგას: თუ ეს მოხერხდება, ეკლესია ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ამ შეწყალებაში მონაწილეობს. აპირებდა შეწყალებას და, მე როგორც ვიცი, ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა," - ამბობს მეუფე. 

რაც შეეხება დეკანოზის ზიარების საკითხს,  როგორც მეუფე დანიელი განმარტავს, ზიარება მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის. დეკანოზის ოჯახი მამა გიორგის ზიარებას რამდენიმე თვე ითხოვდა, თუმცა ის მხოლოდ რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში აზიარეს

მიტროპოლიტი განმარტავს, რომ მამალაძის ოჯახის წევრები და მისი მხარდამჭერები ისეთ განცხადებებს აკეთებენ და ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომ, სავარაუდოდ, ამის შესახებ „ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზი ინფორმირებული არ არის.

მეუფე დანიელი ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძე მის მხარდამჭერებს ვერ აკონტროლებს.

"დეკანოზ მამალაძის გარშემომყოფი პირები ცოტა არათანმიმდევრული არიან და შეიძლება ეს არ არის ყოველთვის მისი სურვილი, ის ვერ მართავს იმ პროცესებს, რომელიც ხდება მისი გარემოცვისგან იმიტომ, რომ ის ფაქტიურად ციხეშია და ეს ადამიანები მოქმედებენ და მე მგონი, მათ მოქმედებაში არის ელემენტარული შეცდომები," - ამბობს მეუფე დანიელი.

ცნობისთვის: მამალაძის ზიარებისა და პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით საპატრიარქოსთან მისი ოჯახისწევერბი აქციებს მართავენ. მამაო გუშინ საავადმყოფოში აზიარეს, სადაც ინსულტის დიაგნოზით არის მოთავსებული.