2019 წელი – საქართველო ევროპის სტრატეგიული პარტნიორი ევრაზიულ ვაჭრობაში

2019-02-12 18:40:54
306

საქართველო ისწრაფვის, შეასრულოს ახალი როლი – გახდეს ევროპის სტრატეგიული პარტნიორი ევრაზიასთან ვაჭრობის სფეროში. ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ომისა და ევროკავშირიდან ბრიტანეთის გართულებული გასვლის („ბრექსითი“) გათვალისწინებით, ეს შესაძლოა, უჩვეულო მიზნად მოგეჩვენოთ. და მაინც, ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული არეულობის მიუხედავად, ევროპა მრავალმხრივი ვაჭრობის ერთგული რჩება. საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალმა გადაადგილებამ, დამოუკიდებლობის მომძლავრებულმა ტენდენციამ ევროკავშირის წევრთა შეუფერხებელი ეკონომიკური ზრდა და ჯერაც არნახული მშვიდობა უზრუნველყო. სახელმწიფოთა ამ გაერთიანებაში საქართველოს არა მარტო თავისი როლის გამოკვეთა, არამედ ახალი და უნიკალური პოზიციის დაკავებაც სურს.

საქართველოს მუდამ სურდა თავისი გეოგრაფიული მდებარეობის სათანადოდ გამოყენება. ეს სამხრეთკავკასიური ქვეყანა დინამიური ბაზრებისა და ბიზნესშესაძლებლობების ცენტრია: მისგან აღმოსავლეთით ცენტრალური აზია და ჩინეთია, დასავლეთით თურქეთი და ევროპა, ჩრდილოეთით რუსეთი, სამხრეთით კი –ირანი და ინდოეთი.

საბჭოთა კავშირში დაბადებული ჩემი თაობა დასავლეთისკენ იყურებოდა, როცა 1990-იან წლებში, კასპიის ზღვის ენერგორესურსების ევროპისკენ, აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ გადასაზიდად, საქართველოს გავლით გზა გაგვყავდა. ამან ევროპის ქვეყნებს რუსეთის რესურსებზე, განსაკუთრებით კი, ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულების შემცირების საშუალება მისცა. ამით საქართველოს თურქეთსა და აზერბაიჯანთან რეგიონული ბლოკის შექმნის შესაძლებლობა გაუჩნდა, რამაც ეკონომიკურ და დიპლომატიურ ურთიერთდამოკიდებულებას მისცა ბიძგი. ამ ურთიერთობაზე დაყრდნობით, ხსენებულმა ქვეყნებმა შექმნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ქსელი, რისი წყალობითაც სამხრეთი კავკასია ცენტრალური აზიის, ჩინეთის, შუა აღმოსავლეთისა და ინდოეთის კარიბჭედ იქცა. ამჟამად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით, საქართველო ამ ისტორიულ პროცესს ასრულებს.

შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე საქართველოს რამდენიმე ღრმაწყლოვანი ნავსადგური ბურგასის, კონსტანცის, ოდესისა და ილიჩოვსკისგან შემდგარი ტრანსევროპული სატრანსპორტო დერეფნების უმნიშვნელოვანეს პუნქტს წარმოადგენს. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ხომალდების 75%-ს ღუზის ჩაშვება არ შეუძლია. ნაწილობრივ ეს გეოგრაფიული პრობლემაა – „პანამაქსის“ ტიპის გემების მისაღებად საკმარისად ღრმა ადგილების რაოდენობა ძალზე მცირეა. ნაწილობრივ კი, პოლიტიკური პრობლემაა: რუსეთის მიერ ყირიმში ხიდის აგება ნიშნავს, რომ უკრაინის ღრმაწყლოვანი ნავსადგურები მიუვალი გახდება. უფრო მეტიც, საპატრულო გემებით მუდმივი პატრულირება ამ ადგილს ნაკლებმიმზიდველს ხდის. ამიტომაც, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ცენტრალური აზიისა და მის მიღმა არსებული ტერიტორიებისთვის უახლოესი პუნქტია.

2019 წელი მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტებითა და სხვა ძვირადღირებული ტვირთებით საერთაშორისო ვაჭრობის თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც ყირიმის ანექსიის საპასუხოდ, აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ქმედებებს მიმართეს, ევროკავშირის ქვეყნებიდან ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში საკვები პროდუქტების ექსპორტი და ტრანზიტი შეფერხდა. ეს მნიშვნელოვანი იყო უკრაინისთვის, რომელმაც 2015 წელს აშშ-ს გაუსწრო, ვინაიდან ჩინეთში ხორბლის უდიდესი ექსპორტიორი გახდა და, სხვათა შორის, სოიოს მარცვლების წარმოების თვალსაზრისით მსოფლიოში მერვე ადგილი დაიკავა. ეს აგრეთვე მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტებისა და სასმელების მსხვილი საექსპორტო ბაზრების მქონე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, როგორებიცაა იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი და რუმინეთი, რომლებიც შორეულ აღმოსავლეთში სამომხმარებლო პროდუქციის განვითარებად ბაზრებზე მოხვედრას ცდილობენ.ინეთი ამჟამად მსოფლიოში ღვინის უდიდესი ბაზარია.

თუმცა, ევროპას, სულ მცირე, ორგანზომილებიანი სტრატეგიული კონტექსტიც ესახება.

პირველი: ცხადია, რომ ევროპის მომავალი აღმოსავლეთშია. 2000-2016 წლებში ჩინეთის მთავრობამ დასავლეთისთვის გამიზნულ, უმეტესწილად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკულ – პროექტში 800 მილიარდი ევრო დააბანდა. ნაწილობრივ, იაფი მუშახელის მაძიებელ ჩინელ მწარმოებლებს თვალი ქვეყნის შიდა ტერიტორიისკენ უჭირავთ და ჰიულეტ-პაკარდის (HP) მსგავს კომპანიებს სარკინიგზო გადაზიდვების განხილვისკენ უბიძგებენ. ნავთობზე მზარდი ფასებისა და საწვავზე ხარჯების შემცირების მიზნით გემების ნელი მოძრაობის და, შედეგად, საზღვაო ვაჭრობის შენელების გათვალისწინებით, სახმელეთო ვაჭრობა გონივრულია. ამასობაში, ჩინეთის ეკონომიკა ძირეულად იცვლება. მისი შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობის შემცირების გამო ქვეყნის ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკურ ზრდას დაბრკოლება შეექმნა. ჩინეთში სამომავლო მოთხოვნილება, რომელიც ამჟამად მშპ-ს 39%-ს შეადგენს, მსხვილი სამომხმარებლო ბაზრის წარმოშობაზე იქნება დამოკიდებული – რაც იმას ნიშნავს, რომ თანდათან ექსპორტ-იმპორტს შორის წონასწორობა დამყარდება.

მეორე: ჩინეთ-ამერიკის მიმდინარე სავაჭრო დავის საკვანძო საკითხი არის კონკურენცია ტექნოლოგიების გადაცემაში. ძვირადღირებული წარმოების სფეროში ლიდერობისთვის შეჯიბრება არა მხოლოდ უახლესი ევროპული დარგების ჩართვას, არამედ ინოვაციების ხელშეწყობასაც მოითხოვს. მოსალოდნელია, რომ ტრანსევრაზიული სახმელეთო ვაჭრობა სატრანსპორტო ტექნოლოგიებისთვის საცდელ პოლიგონად გახდებაიქცევა.

გაითვალისწინა რა, რომ ევრაზიის სავაჭრო მარშრუტები მომავალში ევროპის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი გახდება, 2018 წლის სექტემბერში ევროკომისიამ შავი ზღვა თავისი სატრანსპორტო პოლიტიკის კონტექსტში მოაქცია. ეს ყოველივე, სამომავლო ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ბაზრების შექმნაში ევროპის მნიშვნელოვნების შენარჩუნებისკენაა მიმართული. 

ხსენებულის გათვალისწინებით, საქართველო, როგორც ევრაზიის კარიბჭე, მხოლოდ „ტექნიკა“ როდია. 2014 წელს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების (DCFTA) დადების შემდეგ, საქართველოს მთავრობა ცდილობს, ქვეყანა ევრაზიული გლობალური სავაჭრო ნაკადების ხელშემწყობად წარმოაჩინოს. საქართველო-ჩინეთის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (FTA) 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა. დღესდღეობით, საქართველო და შვეიცარია ევროპის ორად ორი ქვეყანაა, რომლებსაც ევროკავშირის, ჩინეთისა და რუსეთის ბაზრებზე უპირატესი წვდომა გააჩნიათ. საქართველო იმედოვნებს, რომ 2019 წელს დადებს შეთანხმებას ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. 

ანაკლიის მიმდებარედ სპეციალური ეკონომიკური ზონის (სეზ) შექმნა ევროპულ ვაჭრობასთან დაკავშირებულ ღირებულ შეთავაზებას სრულყოფს. მსოფლიოში, სადაც თავისუფალ ვაჭრობას ხელშეწყობა არ აქვს, ბრენდი „დამზადებულია საქართველოში“ მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებს შორის ხიდად იქცევა.

 საქართველომ არაერთხელ განიცადა ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გამანადგურებელი გავლენა. მრავალმხრივი ურთიერთობების კონტექსტში კი, საქართველოს ევროატლანტიკურ ურთიერთობებში მისთვის ესოდენ სასურველი, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, რაც მისი ეკონომიკური ზრდისა და სოციალური განვითარების პერსპექტივებს გააუმჯობესებს. ამრიგად, საქართველო ღიაა ყველასთვის, რუსეთისთვისაც კი, რომელსაც მისი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, მაგრამ ისე, რომ თავისი შიდა და გარე სტრატეგიული პრიორიტეტები არ დათმოს.

ქართველებს ყველა მეზობელთან ერთად ევროპული მომავლის შექმნა სურთ. ჩვენ გეოგრაფიას ვერ შევცვლით. ევროპული მომავლის შექმნა რუსეთთან ერთად ან, საჭიროებისამებრ, რუსეთის მიუხედავად, მაგრამ არა როგორც მის ნაწილს შეგვიძლია. საქართველოს სულაც აღარ სურს, რომ მას „პოსტ“-ტერმინებით, მაგალითად, პოსტსაბჭოთა ქვეყნად მოიხსენიებდნენ ან ევროპისა და, ზოგადად, დასავლეთის ურთიერთობებზე დამოკიდებული ცვლადის დონეზე დაიყვანონ. მოუგვარებელი საკითხები – კონფლიქტები, ომები, ოკუპირებული ტერიტორიები მოლაპარაკებას ართულებს, ვინაიდან საქართველო თავის დამოუკიდებლობას არ დათმობს. მაგრამ მზად ვართ, გვსურს და ვისწრაფვით ორმხრივად სასარგებლო განვითარების შესახებ კონსტრუქციული დისკუსიისკენ, რომელიც წინსვლის საშუალებას იძლევა

მმართველობის საკვანძო მაჩვენებლები – გამჭვირვალობა, ბიზნესის წარმოების სიადვილე და კანონის უზენაესობა, საქართველოს სახელმწიფოს ევროპული მართვის ფარგლებში აქცევს. სამეზობლოში, სადაც დემოკრატია არცთუ იშვიათად იხევს უკან, საქართველომ ამას წინათ თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა – პრეზიდენტად არჩეულ იქნა ქალი, ევროპული დღის წესრიგისა და ხედვის მქონე ყოფილი ფრანგი დიპლომატი. საქართველო ამაყობს ევროპაში ბიზნესზე ყველაზე მეტად ორიენტირებული გარემოთი, რეგულაციების სიმცირით, მაღალი დონის გამჭვირვალობით, დანაშაულების მცირე რაოდენობით, მზარდი სოციალური მობილურობითა და უმუშევრობის შემცირებით. შესაძლოა, ჯერჯერობით საქართველო სრულად დემოკრატიული ქვეყანა არ არის, მაგრამ განუხრელად ვისწრაფვით, რომ ჩვენი მომავალი პოზიტიურ და არა პოსტკოლონიალურ კონტექსტში განიხილებოდეს. 2019 წელს საქართველოს ევრაზიასთან ურთიერთობის სფეროში ევროპის პარტნიორად განხილვას ვიწყებთ.

ავტორი: თედო ჯაფარიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თავმჯდომარის მოადგილე