"შესაძლოა, ცოტა ხანში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალი გახდეს"

2019-02-12 13:40:39
50

უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, შესაძლოა, დადგეს რეალობა და ცოტა ხანში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალი გახდეს და მისი თანამოაზრეები ამის დაშვებას არ აპირებენ. 

გოგიჩაიშვილი კომიტეტის ხელმძღვანელობას მიმართავს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეთავაზებული ცვლილებების განხილვა, რომელიც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს. გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ ერთია, რას ფიქრობენ იურიდულ საკითხთა კომიტეტის წევრები და მეორეა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პლენალური სხდომა.

„პარლამენტი არის მთავარი პოლიტიკური ორგანო და მთავარი პოლიტიკური ორგანოს მთავარ მექანიზმს- იურიდულ საკითხთა კომიტეტს იუსტიციის საბჭოს ვერ ჩავუგდებთ ხელში, ეს ჩვენს კოლეგებს კარგად უნდა ესმოდეთ. რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს კანონპროექტის განხილვა, რომ კიდევ უფრო მეტი კითხვა არ გაჩნდეს საზოგადოებაში“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა გოგიჩაიშვილის შეფასებას პროვოკაცია უწოდა. მათიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი რამ არასდროს მოხდება. დეპუტატის განცხადებით, ეს არის ხელისუფლების ორი სხვადასხვა შტო, რომელიც საკუთარ უფლება-მოსილებას კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს.