შალვა პაპუაშვილი: ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი

26-04-2024 13:20:10 პოლიტიკა

„რეალურ კულმინაციამდე მივიდა რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოების“ რადიკალური ჯგუფი. ფაქტობრივად, მთლიანად გვაჩვენებენ თავიანთ სახეს. გუშინ ვნახეთ რამდენიმე „ენჯეოს“, რადიკალური „ენჯეო“ ჯგუფების განცხადება, რომლებიც ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს, მერე კიდევ სწყინთ, რომ ჩვენ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები არ ვართო. აბა, ვის ინტერესშია,? ქართველ ხალხს რომ რუსებს ეძახიან და იმუქრებიან, 29 აპრილს ვინც მიხვალთ, ყველა რუსები ხართო? ამაზე „ენჯეო“ რომ აკეთებს, ამით მთლიანად აჩვენებს თავის სახეს. სინამდვილეში, ზუსტად ამ „ენჯეოების“ უკან დგანან დონორები, რომლებსაც უნდათ, რომ ამ „ენჯეოების“ ხელით მართონ საქართველო. სინამდვილეში, მათ ალაპარაკებენ ზუსტად ეს დონორები, რომ დააშინონ და ასეთი ეპითეტებით შეამკონ ქართველი ხალხი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 29 აპრილს ყველა გამოვიდეს, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ვართ ერი თუ გვინდა, დონორებმა მართონ ეს ქვეყანა „ენჯეოების“ ხელით, რომლებიც რუსებს გვეძახიან უკვე? ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი, როგორ ალაპარაკებდნენ თავის „ენჯეოებს“ და როგორ გვეძახდნენ რუსებს დონორები ამ „ენჯეოების“ პირით. ასე რომ, რა თქმა უნდა, ყველა დონორთან გვექნება შესაბამისი საუბარი, იქნება ეს ორგანიზაცია, თუ საელჩო, ყველასთან, ვინც აფინანსებს „ენჯეოებს“, რომლებიც ჩვენ, ქართველ ხალხს, გვეძახიან რუსებს. ეს არის ზუსტად პარტნიორი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ სვლა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ფულის ხარჯვა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამნტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"ქართული ოცნება" 29 აპრილს პარლამენტთან "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" აანონსებს.

„ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები - მამული, ენა და სარწმუნოება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მმართველი პარტიის ამ განცხადებით ირკვევა, რომ დათვალეს „აგენტების" შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები. მათი დათვლით, აქციაზე მივიდა 9500 ადამიანი.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები