შალვა პაპუაშვილი "ქართველი ხალხის გაწირვაში არეულობისთვის" ევროპელ პოლიტიკოსებს ადანაშაულებს

26-04-2024 13:12:30 პოლიტიკა

საქართველოს პარლამნტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ქართველი ხალხის გაწირვაში არეულობისთვის" ევროპელ პოლიტიკოსებს ადანაშაულებს.

"პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითია, როდესაც კრიმინალს რამდენიმე მფარველი ჰყავს ევროპაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ პოლიტიკურ კორუფციას, რომელსაც, სამწუხაროდ, ვხედავთ, მათ შორის ევროპარლამენტში. პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითია, როდესაც კრიმინალს და ადამიანს, რომელმაც ანტიდემოკრატიული წამების სისტემა შექმნა, რამდენიმე მფარველი ჰყავს ევროპაში. თავის დროზე, ის, სასჯელმისჯილი ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა, ბრიუსელის სხვადასხვა კაბინეტში იღებდნენ კიდეც, შემდეგ წაახალისეს შემოპარულიყო, გაგვწირეს ქართველი ხალხი. ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის. შემდეგ ფეხი ფეხზე გადაიდეს და ახლა რეზოლუციებით უნდათ კრიმინალი ციხიდან დაიხსნან. სამწუხაროდ, ამ დონეზე არის დასული ამ კონკრეტული ჯგუფის საქმიანობა. პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ ტრიბუნას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე: სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

25 აპრილის ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მწვავე რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შემდეგი შინაარსის შესწორებებს:

  • ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;
  • ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
  • მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ - სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
  • მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები