„ომის ყვირილი“ დასკვნების მოლოდინში

2019-02-11 16:43:52
329

ახალი წლის წინა დღეებში საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, ეხილა აშშ-ში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ია კალისტა მჭედლიშვილის გამოფენა „ომის ყვირილი“, რომელიც პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავს მიეძღვნა. პროექტი „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან“ თანამშრომლობით განხორციელდა.

ხელოვნების ნიმუშებში ომის თემა ხშირად ფიგურირებს, ხოლო როგორ იქნება იგი წარმოდგენილი - პათეტიკური ჰეროიზმის, ომის ყოველდღიური რუტინის, თუ მისგან გასრესილ ადამიანთა ტრაგედიის რაკურსით, კონკრეტული ხელოვანის ხედვაზეა დამოკიდებული. ია მჭედლიშვილმა ომის სტიქიით დაზაფრული და სულდანგრეული ადამიანი გვიჩვენა.


როგორც თავად აღნიშნავს, მისი მიზანი იყო, აესახა მასობრივი განადგურებისა და ნგრევისგან გამოწვეული უმწეობა, დაღლილობა და გაუცხოება. სწორედ დაზაფრული უმწეობის ტრაგიკული სიმბოლოა უბედური დედა, რომელიც მკვდარ ჩვილს იხუტებს გულში და მოქუფრულ ზეცას ამაოდ შესცქერის; დაღლილობის და გაუცხოების უსასტიკესი სიცივე იღვრება ომით სახედასახიჩრებული, ნიღბიანი მეომრის პორტრეტიდან. ეს არის ომის სასოწარკვეთილი ყვირილი, რომელმაც კაცობრიობის სულში ჯერაც ვერ შეაღწია, ეს არის აბსურდის ზეიმი ჯერაც გაუკეთებელი დასკვნების მოლოდინში.

მაგრამ რატომ დაახარჯა ამდენი ძალისხმევა მხატვარმა მაინცდამაინც პირველი მსოფლიო ომის თემას, რომელიც საქართველოს საზოგადოებისთვის, ერთი შეხედვით, ნაკლებად აქტუალურია და ქართულ ისტორიოგრაფიაშიც დიდად პატივდებული არ არის?

ია კალისტა მჭედლიშვილი:

- პირველ მსოფლიო ომს საქართველოს ისტორიაზე დიდი გავლენა ჰქონდა. სწორედ ამ ომის შედეგად დაიშალა რუსეთის იმპერია და ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ; სხვა საკითხია, რომ ისევ დავკარგეთ, ვინაიდან რუსეთში მერე გარკვეული პროცესები განვითარდა. საბჭოთა პერიოდში ნაკლებად გვქონდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის შესწავლის საშუალება. საინტერესოა, რომ პირველი მსოფლიო ომის თემაზე მომუშავე ევროპელი მეცნიერები საქართველოს ისტორიის ამ პერიოდს ჩვენზე უკეთესად იცნობენ. ე.წ. „ქართულ სოციალიზმზე“ (ასე ეძახდნენ ქართულ სოციალ-დემოკრატიას) არაერთი წიგნია დაწერილი. ეს ომი ყველგან და საქართველოშიც რაღაც ახლის დასაწყისი გახდა. მაგრამ, ამავე დროს, ეს ომი იყო სრულებით ახალი ტიპის გლობალური კატაკლიზმი, ანუ პირველი მექანიზებული კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში. გამოიყენეს ახალი ტექნოლოგიები: ქიმიური ნივთიერებები, ახალი ტიპის ბომბები, მობილური ტექნიკა, წყალქვეშა ნავები და ბომბდამშენები. საკომუნიკაციო სისტემა ჯერ კიდევ სუსტი იყო და ინფორმაცია სწრაფად ვერ ვრცელდებოდა. ახალი ტიპის იარაღის დამანგრეველი მასშტაბი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა იმ მეცნიერებისთვისაც კი, რომლებმაც ის შექმნეს. კაცობრიობას ჯერ მსგავსი არაფერი ენახა. იმდროინდელი საზოგადოება ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი აღმოჩნდა. ჭურვების აფეთქების ხმა იწვევდა შოკს მძიმე ფსიქოლოგიური შედეგებით. ეს იყო საოცარი უმწეობის განცდა. ასეთი გამაყრუებელი ხმაური მანამდე არავის გაეგო. ნორმალურ სიტუაციაში ასეთი განცდა ნელ-ნელა ყალიბდება, მაშინ კი ეს იყო მყისიერი, საზარელი და მით უფრო დამანგრეველი. ასეთი სინდრომი პირველად მაშინ იქნა გამოვლენილი და აღწერილი. პროცესების დინამიზმიდან გამომდინარე, პატრიოტული შემართების განწყობა ჩამოყალიბებასაც კი ვერ ასწრებდა.


ამ თემაზე მუშაობა თავიდან დავიწყე რამდენიმე ნამუშევრით, რომელშიც ყვირილის თემას შევეხე. მუშაობის პროცესში თემამ უფრო სპეციფიური, ღრმა და დრამატული ფორმა მიიღო. საბოლოოდ გადაწყდა, დამერქმია „ომის ყვირილი“. თავიდან რამდენიმე ნამუშევარი გავაკეთე. მერე კი, როდესაც გადაწყდა, რომ ამ თემას გავშლიდი, უფრო საფუძვლიანად ავიწყე მუშაობა. ბევრს ვფიქრობდი და ვეცნობოდი მასალებს ამ თემაზე. ამ ტილოებზე არ არის კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული პერიოდი. ჩემმა მეგობარმა, ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა ზუსტად განსაზღვრა: ეს არის ერთი დღევანდელი ადამიანის მიერ დანახული მაშინდელი მეორს განცდები. შევეცადე, ჩავმძვრალიყავი იმ ეპოქის ადამიანის სულსა და სხეულში, რომ მსხვერპლის ემოცია გამომეხატა. ამიტომ გამომივიდა ასეთი ექსპრესიონისტული ნამუშევრები.

- სათქმელი მართლაც ძალზე ექსპრესიონისტულად, თუმცა ერთობ ეკლექტურად თქვით. ხომ არ გააგრძელებდით თემაზე მუშაობას, რომ „გაამთლიანოთ“, „მოამრგვალოთ“ და ალბომით დააგვირგვინოთ? ან ახალ გამოფენას ხომ არ გეგმავთ?

- არიან მხატვრები, რომლებსაც ნამუშევრების დემონსტრირება უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებთ, ვიდრე პროცესი, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თავად ქმნის პროცესით იღებენ მეტ სიამოვნებას. მე უფრო შემოქმედებითი პროცესი მსიამოვნებს, ვიდრე ჩვენება, რაც, საერთო ჯამში, განსაზღვრავს ამ კუთხით სოციალურ აქტივობას. არა, განა არ ვაკეთებ გამოფენებს და ბედნიერიც ვარ იმით, როცა ჩემი ნამუშევრები მოსწონთ და ამას გამოხატავენ. ასეთ დროს უზარმაზარ ენერგიას ვიღებ! მაგრამ არის უსიამოვნო მომენტებიც. ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ნახატი დეკორაციის ნაწილია. ხანდახან მწერენ: „უიმე, ცოტა მხიარულები დახატე, რა“! მეცინება ხოლმე, მაგრამ თან ვბრაზდები კიდეც. ჩემი ნამუშევრები ალბათ, უფრო განცდასა და ტკივილზეა ორიენტირებული. ბევრ მხატვარს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ხატოს ისე, როგორც უნდა და როცა უნდა. ამ შემთხვევაში მე გამიმართლა. ჩემი ოჯახი ხელს მიწყობს იმაში, რომ თვისუფალი ვიყო არჩევანში.

- სამი შვილის დედობა დიდ ენერგიას და დროს მოითხოვს, მაგრამ ბევრი რამის შექმნა მოასწარით..

- როდესაც ბავშვები ძალიან პატარები იყვნენ, ბევრ ყურადღებას მოითხოვდნენ. მერე კიდევ თინეიჯერული ასაკის პერიოდშიც საჭირო იყო თვალის მიდევნება. ჩემთვის მაშინაც ვხატავდი, მაგრამ გამოფენების მოწყობა, არტ-საზოგადოებში შეღწევა და იქ სოციალიზაცია დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. მაშინ ეს ჩემთვის რთული იყო, თუმცა მაინც ვახერხებდი. სხვადასხვა დროს ჩემი ნამუშევრები გამოიფინა აშშ-ში, უკრაინაში, ბრაზილიაში, საქართველოში. ახლა ბავშვები წამოიზარდნენ და ჩემს საქმეს მეტ დროს ვუთმობ. ბოლო ორი-სამი წელია, ძალიან სერიოზულად ვმუშაობ ფერწერაში და ჩემი ბუნაგიდან გამოსვლაც დავიწყე.

- აშშ-ში ჩასვლის შემდეგ პირველ ხანებში დამკვიდრება არ გაგიჭირდათ?

- სულ თავიდან ვირჯინიაში რომ ჩავედით, იქ ვნახე ჩარჩოებისა და რესტავრაციის პატარა კომპანია, გასული საუკუნის 20-იან წლებში დაარსებული. რესტავრაციაზე ადრე მიმუშავია. ჰოდა, ჩავყარე ჩემი ნახატები და მივედი კომპანიის ხელმძღვანელთან, მხატვარ რიჩარდ ფრიმანთან. ძალიან გამიხარდა, როდესაც მითხა: «ხვალ შეგიძლია, დაიწყოო?». ექვსი წელი ამ კომპანიაში ვმუშაობდი. თაროები სავსე მქონდა შეკვეთებით. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. ფრიმანმა უამრავი რამ მასწავლა, მირჩია, «რასაც აკეთებ, სერიოზულად მიუდექიო» და ეს დიდი სტიმული იყო.

შემდეგ, როცა პიცბურგში გადავედი საცხოვრებლად, იქ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. სახლი ვიყიდეთ, სადაც სახელოსნო მოვაწყე და მომეცა საშუალება, სერიოზულად მემუშავა. ეს ჩემთვის განსაკუთრებული დრო იყო. მხოლოდ ფერწერით არ შემოვიფარგლე: გამიტაცა ფოტოხელოვნებამაც.

შემდეგ იყო ოკეანე. საცხორებლად ნიუ-ჯერსის პატარა ქალაქ ვენტნორში გადავედით, რომელიც ატლანტიკ-სითის კუნძულზეა. ამ პერიოდში დავიწყე მინებზე კაწრა. მინაზე მუშაობა საკმაოდ ბევრ დროს მოითხოვს - ზიხარ საათობით და ბურღავ. ასევე წინა საუკუნის მინის ლარნაკებს ვყიდულობ მოსახატად. ამ ნამუშევრებს დავით ჰოლცმანის გალერეაში ვყიდი. ყოველი ფოტო და მინა ჩემთვის ნახატია თავისი შინაარსითა და ისტორიით.

ცალკე ისტორიაა ჩემი ქვიშისა და ქაღალდის კაცუნები. ოკეანესთან ცხოვრებამ ახალი შესაძლებლობები დამანახა: ქვიშაზე ხატვა და ძერწვა. ტალღა კი არ შლის ამ ნახატებს და ფორმებს, არამედ მიაქვს და ინახავს სამუდამოდ. უსაზღვროდ საინტერესო პროცესია. ამ დროს თან მახლდა ჩემი ოთხფეხა მეგობარი, ქრემი - კრემისფერი პიტბული, რომელიც თავშესაფრიდან „ვიშვილე“. აშკარად ესმოდა პროცესის სერიოზულობა და, ასე ვთქვათ, გულშემატკივრობდა. მისი არაერთი პორტრეტი მაქვს. ქვიშაზე ხატვის პარალელურად, თითქმის ყოველდღე ვჭრიდი კაცუნებს, რომლებსაც «ადამიანუკები» დავარქვი. შემდეგ კი უხილავი ძაფებით ვკიდებდი ჭერზე. ოთახში მზის განათება ჩრდილებსაც ცვლიდა და შინაარსსაც.


- სამომავლოდ კიდევ რის გაკეთებას აპირებთ?

- შემოქმედება ჩემთვის ერთი უწყვეტი ხაზია. მოკლედ, ეს ყველაფერი არ ვიცი, დროში როგორ დავალაგო. მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ პერიოდში მთლიანად ფერწერაში ვარ. თბილისში უფრო აქტიური ვარ. ბევრად მარტივია აქ ჩემთვის გამოფენის მოწყობა. ბოლო პერიოდის გამოფენებიდან რამდენიმეს განსაკუთრებით გამოვყოფდი: პროექტს სახელწოდებითსინთეზური ხელოვნება - მხატვრის წიგნი. ეს იყო თხუთმეტი მხატვრის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსის სხვადასხვა გამომსახველობითი ფორმით გადმოცემის პროექტი. მე მინის ფირფიტებზე გრავიურები გავაკეთე. ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი. ნამუშევრები სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმში გამოიფინა და დღემდე იქ ინახება.

შარშან ფიროსმანის მუზეუმში მქონდა პერსონალური გამოფენა, რომელსაც „ამოსუნთქვა“ დავარქვი. წარმოდგენილი იყო დიდი ზომის 11 ფერწერული ნამუშევარი, მათგან რამდენიმე ამ უკანასკნელ პროექტშიც მოხვდა.

წინა წლის გაზაფხულზე ატლანტიკ-სითიში ქალაქის ორგანიზაციით მოეწყო ჯგუფური გამოფენა «Through The Artist Eye», რომელშიც მეც მივიღე მონაწილეობა. იგივე ჯგუფის დახმარებით გაზაფხულზე სტოქსტონს უნვერსიტეტში ვგეგმავ პერსონალურ გამოფენას.

მედეა გოგსაძე